გვირგვინი სამეფო
სამეფო გვირგვინი
ერთ-ერთი სამეფო რეგალია, მეფობის უმთავრესი ნიშანი. ძველად სამეფო გვირგვინის ნაცვლად დიადემას ხმარობდნენ. ეს იყო ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით შემკული, სხვადასხვა ფერისა და დეკორის აბრეშუმის თავსაკრავი, ანუ ხილაბანდი. მას შუბლზე იკეთებდნენ და უკან იკრავდნენ.
სამეფო თავსაბურავი V საუკუნეში ჩნდება საბერძნეთში. მას სტეფანოზი, ანუ კორონა ერქვა და ქართულად იალქანი შეესატყვისება. სტეფანოზი ვერცხლის ან ოქროს ბრტყელი რგოლი ან რკალია, თვლებითა და მარგალიტებით შემკული. დროთა განმავლობაში მის გვერდებზე გაჩნდა ასევე ძვირფასთვლებიანი ტოტები, რკალის შუა ნაწილში კი ჯვარი. ასეთ თავსაბურავს სტემა ეწოდება. ბიზანტიის მეფეების სტემა ძირითადად ლურჯი, თეთრი, წითელი და მწვანე ფერის იყო. მართალია, იმპერატორები სტემასთან ერთად ძველ სტეფანოზსაც ხმარობდნენ, მაგრამ სტეფანოზი უკვე უბრალო თავსაბურავი იყო და არა გვირგვინი. სტემა დამკვიდრდა, როგორც დამოუკიდებელი მეფობის სიმბოლო, ხოლო სტეფანოზი და სხვა „კორონები“ იმპერატორთა ხელქვეითების კუთვნილება გახდა.
აღსანიშნავია ასევე მეფეთა კიდევ ერთი თავსაბურავი - ტიარა, რომელიც მათ დღესასწაულზე და დედაქალაქში ძლევამოსილად შესვლის დროს ეხურათ.
ქართული წყაროები ქართველ მეფეების თავსაბურავს მიტრასა და გვირგვინს უწოდებს. რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ დიადემას, იგი ჩვენში საერთოდ არ არის ცნობილი, როგორც მეფეთა თავსაბურავი.
ქართველ მეფეთა სამეფო ნიშნები გარკვეულ პერიოდში ბიზანტიიდან შემოდიოდა, მაგალითად, V-VI საუკუნეებში. ლაზიკის მეფეები ფორმალურად ექვემდებარებოდნენ ბიზანტიას და ტახტზე ასვლისას სამეფო ნიშნებს ბიზანტიის კეისრისგან ღებულობდნენ. ეს იყო „ოქროს გვირგვინი, ძვირფასი ქვებით შემკული“.
აღსანიშნავია, რომ ბიზანტიური სამოხელეო სამოსელი და თავსაბურავი საქართველოში IX-XI საუკუნეებშიც შემოდიოდა. როცა ბიზანტიის მეფე საქართველოს მთავარს ან მეფეს ამა თუ იმ პატივს მიანიჭებდა, მათ საპატიო სამოსელსა და სამკაულსაც უგზავნიდა.
ლიტერატურა
- ნ. ჩოფიკაშვილი, ქართული კოსტიუმი, 1964 წ.
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ., თბ., მერიდიანი, 2011