გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

გვირგვინი ფოჩებიანი

ფოჩებიანი გვირგვინი

გვირგვინი ფოჩებიანი


ქართლ-კახეთში საქორწინო ცერემონიების შესრულების დროს ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი. ქართული გვირგვინი დისკოსებური ფორმისაა. მასზე ჩამოკიდებულია ოთხი, ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებული ფოჩი, რომელიც შედგება ოქროსფერ-ვერცხლისფერი სირმებისაგან გაკეთებული ბურთულებისგან. გვირგვინის ტოტები დაბოლოებულია სამ-სამი მოკლე ფოჩით. მამაკაცის გვირგვინზე, ქალისგან განსხვავებით, ცენტრში ჯვარია მოთავსებული, რომელიც ასევე სირმითაა მოქარგული. მას ნეფე ნაბდის ქუდზე იხურავდა, პატარძალი კი - ჩიხტიკოპზე.

ვ. ბარდაველიძე, ქართული ჩიჩილაკისა და გვერგვის (იხ) შესწავლისას, აღნიშნულ გვირგვინს გარეგნული ფორმის გამო მზის ემბლემად თვლის. ჯვრისწერის დროს კი, მისი ნეფე-დედოფლის თავზე დახურვა უნდა მომდინარეობდეს შეხებითი მაგიიდან, იმ სურვილით, რომ ასტრალური ღვთაების თვისება - შვილიერება და ნაყოფიერება, თვით ნეფე-დედოფალზე გადასულიყო. ზოგი აღნიშნულ გვირგვინს ვაზის კულტს უკავშირებს. მევენახეობის ძირითად რეგიონებში ქართული ფოჩებიანი გვირგვინი, თავდაპირველად ვაზის რქებისგან იყო. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ფშავი, თუშეთი, ხევსურეთი), სადაც არ არის გავრცელებული ვაზის კულტურა, ფოჩებიანი გვირგვინი საერთოდ არ გვხვდება.

საინტერესოა ქართული ფოჩებიანი გვირგვინის ერთი დეტალი - ჯვარი, რომელიც, როგორც აღინიშნა, მხოლოდ მამაკაცის გვირგვინზე ფიქსირდება. სამეც. ლიტ-ში დადგენილია, რომ ჯვარი თავისი წარმოშობით წინ უსწრებდა ქრისტიანულ რელიგიას. ფიქრობენ, რომ „მამაკაცის გვირგვინში ჯვარი ხარის კულტთან უნდა იყოს დაკავშირებული. საქორწილო რიტუალში წესად იყო დასაკლავად მომზადებულ ხარის გარშემო ნეფის ცეკვა-თამაში და მის მიერ ხარზე დანის ჯვარედინად დასმა. ასევე აღნიშნული შეხედულების დამადასტურებელია ისიც, რომ ნეფისთვის ქორწილზე უნდა მიეტანათ ხარის ბეჭი“.

ამდენად, თავდაპირველად ქართული გვირგვინი ვაზისა და ხარის კულტებთან იყო დაკავშირებული, მოგვიანებით კი მან უკვე მზისა და მთვარის ფუნქციები შეიძინა, რომლის გამოხატულებაცაა ოქროსფერვერცხლისფერი სირმებით გასხივოსნებული გვირგვინის ტოტები.


ლიტერატურა

  • ნ. მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978 წ.