გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავითფერული

დავითფერული

დავითფერული


ქართული ვადაჯვრიანი ხმალი. არსებობს ამ ტერმინის წარმომავლობის სხვადასხვა ვარიანტები. ერთ-ერთი ვერსიით "დავითფერულის" ხმალს, დიდ ქართველ მეფეს დავით აღმაშენებელს უკავშირებენ. მეორე ვერსიით კი XVI საუკუნის იტალიელ მეიარაღე ოსტატებს, ძმებს ანდრეა (1530-1583) და ჯანდონატო (1560-იანი წლები) ფერარებს. ცნობილია, რომ ევროპული ხმლის პირები ძალზედ აქტიურად შემოდიოდა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ანდრეა ფერარას დამღიანი (როგორც ორიგინალი, ასევე მინაბაძი) ქართული ხმლები, რომელიც ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ქართულ ეთნორეალობაში ცნობილი იყო "დავითფერულის" სახელწოდებით.

ქართული "დავითფერული" ხმალი შედგება - ტარის, პირისა და ქარქაშისაგან. ოდნავ მოხრილი პირი დამზადებულია ფოლადისაგან, ერთღარიანია, ღარი მიუყვება ვადადან 15-20 სმ დაშორებით. ის ფერად ლიბრი (მოლურჯო) იყო. პირის ერთ მხარეს გამოსახულია ლათინური ასოებით წარწერა "FERARA" და მორბენალი მგელი, ხოლო მეორე მხარეს ასევე ლათინურად "ANDREA" და ასევე მგელი. ტარი დამზადებულია ხისაგან და მასზე გადაკრულია ყვითელი ხავერდი, რომლის ზემოდანაც გადაჭიმულია სამი ვერცხლის სალტე და ვერცხლისავე "ვაშლი". ტარზე დაგებულია ოქროზარნიშით მორთული ლითონის ვადაჯვარი. ქარქაში დამზადებულია ხისაგან და ტარის შესაბამისად მასზეც გადაკრულია ყვითელი ხავერდი. ქარქაშზე მოცემულია ოქროზარნიშით მორთული ლითონის ორი სალტე და ბუნიკი. გარდა აღწერილი იარაღისა არსებობს აგრეთვე, ორ და სამღარიანი დავითფერულები, წვერისკენ შედარებით გახრილები, ასევე მორთულობის სხვანაირი დეკორით და ა.შ.


ლიტერატურა