დალაი
დალაი
მიცვალებულის გუნდური მოთქმით დატირების წესი, სამგლოვიარო ზარი თუშეთში; მიცვალებული მამაკაცის (იშვიათად, ძალზე პატივსაცემი ქალის) წლისთავზე გამართული ხარჯის დროს (დოღის შემთხვევაში) ეზოში გაშლილ მკვდრის "ლიშანთან" (ტანსაცმელთან) დალაჲს ხუთი მხედარი ასრულებდა, აქედან ერთი "მოდალავე", ე. ი. ტექსტის მთქმელი იყო, დანარჩენებს "ამყოლებს" უწოდებდნენ. იმ სოფლიდან, სადაც დალაობა იმართებოდა, მოდალავე ისეთ ხალხს შეარჩევდა, რომლებსაც "აყოლა", ე. ი. ბანის თქმა, შეეძლოთ. დალაობა ხელობა იყო, რომელიც საგანგებო შესწავლას მოითხოვდა. მოდალავეს გარკვეულ გასამრჯელოს (თოხლს ან ჭედილას, მოგვიანებით 20-30 მანეთს) უხდიდნენ.
დალაობას წლისთავზე მაშინ ასრულებდნენ, როცა ეზოში მიცვალებულის "ლიშანს" (ტანსაცმელს) გაშლიდნენ. აქვე ეწყო რამდენიმე წყვილი წინდა და ჩითის "სათამაქოე" ქისა, გაპენტილი მატყლი, ქვამარილი, ბიჭონი (მოხალული ქერი); დაგებულ ფლასზე დაყრიდნენ ქერს, დადგამდნენ ჯამით რძეს, რომელშიც ქოჯო (შეკონილი ბალახი) იყო ჩადებული. დალაჲს შემსრულებელი მხედრები მიცვალებულის ნიშანთან გამწკრივდებოდნენ; შუაში, ორ-ორ ამყოლს შორის მოდალავე იჯდა ლამაზი უნაგირით შკაზმულ "სულის ცხენზე", რომელიც შავი საფენით იყო დათალხული და ზედ ხურჯინი ეკიდა; სხვა ცხენები (ერთი დედისძმისა) უბელოები იყო. მოდალავე დაიწყებდა დალაობას – სევდიანი, მინორული კილოთი მიცვალებულის ქებას. მის მიერ ნათქვამ ყოველ ფრაზას ამყოლების რეფრენი "დაალა, დაალა" მოსდევდა. დალაობის დროს სამჯერ "მუხლი უნდა მოექციათ", ე. ი. შეესვენათ. მოქცევებს შორის მწდეები ლუდს მიაწვდიდნენ მხედრებს, რომლებიც მიცვალებულის შესანდობარს იტყოდნენ, ცოტა ლუდს "სულის ცხენს" ფაფარზე დაასხამდნენ და დანარჩენს დალევდნენ. შესვენებისას გარდაცვლილის და-ძმა, რძალი ან მოგვარე ცხენ-მხედარს რძეს აპკურებდა და ქერს უყრიდა. დალაჲს დასრულების შემდეგ მხედრები სამჯერ შემოუვლიდნენ მიცვალებულის ტანსაცმელს და, დედისძმებთან მისულები, კვლავ დალაჲს იტყოდნენ, რის შემდეგაც მათ გაუმასპინძლდებოდნენ; უკანმობრუნებულები ჭირისპატრონის სახლში კიდევ ერთხელ იდალავებდნენ. გ. ცოცანიძის მიერ ჩაწერილი დალაობის ერთი ვარიანტი ასეთია:
- დალა თქვით, დალა-დ მხედრებო, ძნელიდ არს დალაობაი.
- ბრალი ხარ, აფთარაულო, შენი-დ ულაშქროდ სიკვდილი.
- ლაშქარს გიკითხვენ სწორები, წანამ არ გაუძღვებია?
- მაგ შენის თეთრის ცხენითა ლაშქართ არ აერეოდე.
- შენის სიათის თოფითა მდევარს არ უბრუნდებოდა.
- კარზე გიდგენან სტუმრები, შინამ არ შეუძღვებია?
- დისწულო, დედისძმათასა კარგამ არ დაუხვდებია?
- გამჭრეო, მოსამართლეო, სუ მამპაპობით ხმლიანო,
- პირწყალო თავის ქვეყნისა, გამრიგევ თუშეთისაო.
- დედან გტირან შვილობით, დანი გტირიან ძმაობით,
- ძმანი გტირიან ძეობით,
- ალამო, აფთარაულო.
- ეგ შენი დედა, ბეჩავი, სანთლებურ ჩამოდნებოდეს,
- ეგ შენი ცოლი, ბეჩავი, სუროვით ექანებოდეს,
- შენი გვარისა ქალ-ზალი შავითა-დ იმოსებოდეს,
- შენი ნაწოლი ლოგინი ია-ვარდივით ჭკნებოდეს,
- შენი ნაცვამი სამოსი დარბაზს არ იცვითებოდეს,
- შენი წვერი და ულვაში მწვანილად ამოდიოდეს,
- ალამო, აფთარაულო.
- ლეკეთში ლეკთა გიკითხონ, ქისტეთ არს, დიჩინთანაო,
- დიჩინიანთაც გიკითხონ, ქალაქში ჯარებს ხყრისაო,
- ქალაქს გიკითხოს ბატონმა, წავიდა უფალთანაო.
- ნეტა შენს საიქიოსა, შიგ შეხვალ მტრედისფერადა,
- სუფრა გიდგ გარიგებული, გაკეთებული თეთრითა,
- სულეთს გიდგანან კოდები, გადმომდინარნი პირითა,
- ზედ გიდგას მეღვინეები ხუცითა, დიაკვნებითა,
- ამოიღებენ, დალევენ, ვერცხლისი ვაშრაპებითა.
- ალამო, აფთარაულო, ღმერთმა გაცხონოს სულითა.
ლიტერატურა
- დ. გიორგაძე. დაკრძალვისა და გლოვის წესები საქართველოში (თუშ-ფშავხევსურეთის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით). თბ., 1987, გვ. 43-49
- ს. მაკალათია. თუშეთი. ტფ., 1933, გვ. 171-172
- გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 116-118