გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დამბალხაჭო

დამბალხაჭო

დამბალხაჭო


კარგად გამომხმარ ხაჭოს კვერებს გარეცხავდნენ თბილ წყალში, ქვევრში ან კოდში ჩააწყობდნენ და მჭიდროდ დაახურავდნენ. ხაჭო ნელ-ნელა ლბებოდა (ფშავი).

დამბალხაჭო უიშვიათესი პროდუქტია., რომელსაც ხაჭოს დამწიფებით იღებენ. იგი ოდითგანვე მზადდებოდა ფშავში. ასეა დღესაც. დუშეთის რაიონის სოფელ მაღაროსკარის მკვიდრი, ლიდა ბექაური, ისევე როგორც ყველა ფშაველი დიასახლისი, ყოველ წელიწადს ამზადებს ოჯახსი სამყოფ დამბალ ხაჭოს.

დამბალ ხაჭოს ძროხის რძისგან იღებენ. თავდაპირველად ვარიაში შედღვებენ ნაღებს ან მოხდილ რძეს. დღვებისას ქალბატონი არ ცდება, იგი ხელსაქმითაა დაკავებული. როგორც მაღაროსკარში ამბობენ, წინათ ქალი იმდენად მოუცლელი იყო, რომ სიარულის დროსაც კი ქსოვდა. წინათ რძის შედღვებაში მამაკაცებიც იღებდნენ მონაწილეობას. ლეონ მაყიური ხშირად ეხმარება მეუღლეს ამ საქმეში.

დამბალხაჭოს მომზადება გაზაფხულიდან შემოდგომამდეა შესაძლებელი. შემოდგომის დამბალხაჭო უფრო ფასობს, რადგან ის უფრო გემრიელიცაა და უფრო დიდხანსაც ინახება. დღვებისას ვარიაში კარაქი და დო გამოცალკევდება. შედრვების დასრულების შემდეგ ვარიას წამოაყენებენ, კარაქს ამოიღებენ, ან როგორც ფშავში იტყვიან - „კარაქს ამოარჩევენ“, დოს დიდ ქვაბში ჩაასხამენ და ცეცხლზე ადუღებენ. დუღილისას განირჩევა ხაჭო და შრატი.

შრატს საქონლების საკვებად იყენებენ. ხაჭოს ტომარაში ყრიან და ერთი დღით ჩამოკიდებენ, რომ კარგად ჩამოიწუროს. მეორე დღეს ხაჭოს მარილს დაუმატებენ, აზელენ და მოაგუნდავებენ.

ამ ხაჭოს გუნდებს ხაჭოკვერას ეძახიან. შემდეგ ხაჭოკვერებს ძობანზე ათავსებენ და ცეცხლის თავზე იკიდება და ერთი კვირის მანძლზე იბოლება. ერთი კვირის შემდეგ მას უკვე გარსი აქვს გაკეთებული. ძობნიდან ჩამოღებულ ხაჭოკვერებს მზეზე გააშრობენ და ხის კასრში ან თიხის ქოთანში ალაგებენ, სადაც ის ერთი თვის მანძილზე მწიფდება, ანუ ლბება. დამბალი ხაჭო კარგად ინახება და დიდხანს ინარჩუნებს საკებად ღირებულებას. მას იმავე ჭურჭელში ინახავენ, რომელშიც დამწიფდა და მხოლოდ მოხმარების დროს ამოირებენ საჭირო რაოდენობით.

დამბალხაჭო შეჭმამდე უნდა გაფხიკო და ობი გააცალო. ის შეგიძლიათ პურთან ერთად მიირთვათ ყველის მსგავსად. მისგან ხაჭოერბოს, წინათ კი ხინკალსაც აკეთებდნენ.

ხაჭოერბოს გასაკეთებლად ერბოს გაადნობენ ქვაბში, შემდეგ დამაბალხაჭოს ჭრიან წვრილად და ისე ყრიან ერბოში. ხაჭოერბო სწრაფად მზადდება.