ელარჯი
ელარჯი
ერთგვარი კერძი, ღომში მოხარშული და ჩაზელილი ყველი (სამეგრელო).
მომზადების წესი
ელარჯის მომზადებას, დაახლოებით, 40 წუთი დასჭირდება; შეგიძლიათ, ელარჯი მეგრული ან სვანური სულგუნით დაამზადოთ. თუკი ყველი უმარილოა, ღომში ყველის ჩამატების შემდეგ ოდნავ მარილი დაამატეთ. ელარჯის თეფშზე მარტივად ამოსაგებად ჩოგანი თითოეულ ჯერზე ცივი წყლით დაასველეთ.
ინგრედიენტები
- ღერღილი - 200 გ
- სულგუნი - 600 გ
- მჭადის ფქვილი ან მანანის ბურღული - თვალის ზომით
- მარილი - გემოვნებით
კარგად გარეცხილ ღერღილს დაასხით იმ რაოდენობის წყალი, რომ მასა კარგად დაიფაროს. თავიდან დაადგით ოდნავ მაღალ ცეცხლზე და სახურავი დააფარეთ. თუკი ხარშვისას წყალი ჩაშრება, შეგიძლიათ, ცივი წყალი დაამატოთ. როგორც კი ღომი ჩაშრობას დაიწყებს, ცეცხლს ოდნავ დაუკელით და კერძის მომზადება ნელ ცეცხლზე გააგრძელეთ. თუკი ქვაბიდან წყალი გადმოდის, თავსახური ოდნავ გადახადეთ. ხშირად დახედეთ და ჩოგნით ურიეთ. კარგად მოხარშვის შემდეგ ჩაყარეთ მჭადის ფქვილი, თვალის ზომით, ისე, რომ საშუალო სისქის მასა მიიღოთ. თუკი მჭადის ფქვილი არ გაქვთ, შეგიძლიათ, მანანის ბურღული დაამატოთ - ამ შემთხვევაში ღომი უფრო ფაფუკი გამოგივათ. კარგად აზილეთ ჩოგნით და, დაახლოებით, 10 წუთის შემდეგ დაამატეთ გრძლად დაჭრილი სულგუნი. პერიოდულად ისევ ჩაზილეთ და ეცადეთ, ყველი გაუხსნელი არ დარჩეს. თუკი ჩოგნით ამოწეული მასა წელვადია და არ წყდება, ესე იგი, ელარჯი მზადაა.