თეზი
ციკლოპური სიმაგრის შესახებ პირველი ინფორმაცია იოაკიმოვს გამოუქვეყნებია.[1] შემდგომ პერიოდში კომპლექსის ქვედა კედელი ნახსენები აქვს ე. თაყაიშვილს.[2] გარკვეულ ინფორმაციას იძლევა მელიქსეთ-ბეგიც,[3] თუმცა ერთ-ერთი პირველი, ვინც ვრცლად აღწერა და შემდეგ არქეოლოგიური გათხრები აწარმოვა, იყო ბ. კუფტინი. ამავე პერიოდში, ვ. წილოსანის[4] მიერ, გაკეთდა ზედა ციხის გეგმა და კომპლექსის ჭრილები. 1998 წელს კი თრიალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სრულად მოახდინა კომპლექსის აზომვა, ასევე, შედგა სრულყოფილი აღწერილობა.[5]
ციკლოპური კომპლექსი მდებარეობს ამავე დასახელების სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. ქციის მარცხენა ნაპირას არსებული კანიონის თხემზე და ფერდზე.[6] ის შედგება სამი ნაწილისაგან: (1) ქვედა რკალისებური ზღუდის, (2) შუა გამაგრებული ტერასის და (3) ზედა სიმაგრისგან.[7] ციტადელი -ზედა ციხე, აშენებულია ქციის ღრმა ხევის და მის მარცხენა შენაკადს შორის არსებულ კონცხზე.[8] ეს უკანასკნელი შედგება სამი ძირითადი - ჩრდილოეთის, დასავლეთის და სამხრეთის მასიური კედლებისაგან. აღმოსავლეთის კედელი შედარებით ვიწროა, რაც განპირობებული უნდა იყოს აქ არსებული კლდოვანი ქარაფით. დასავლეთის მხრიდან სიმაგრეს გააჩნია სამი მასიური მომრგვალებული კონტრფორსი. ჩრდილოეთის კონტრფორსებს შორის კედელში დატანილი ყოფილა ციხეში შესასვლელი. მეორე შესასვლელი მოწყობილია სამხრეთის კედელში. აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი კონტრფორსი შემორჩენილია ჩრდილოეთის კედელთან.[9][10] ციტადელს დასავლეთის მხრიდან ებჯინება სავარაუდო დამატებითი თავდაცვითი კედლები,[11] რომლებიც სრულადაა დანგრეული.
კუფტინის მიერ ზედა ციხეზე ჩატარებული გათხრები დაზვერვით ხასიათს ატარებდა. თხრილი გაკეთდა სიმაგრის შიდა სივრცეში სამხრეთის შესასვლელთან. გათხრებისას გამოვლინდა ქვის დიდი ფილებით მოგებული იატაკი და სუსტი კულტურული ფენა, რომელშიც დადასტურებული კერამიკა შუა საუკუნეებს განეკუთვნებოდა. ანალოგიური მასალა დადასტურდა იატაკის ფილების მოხსნის შემდეგაც.[12] აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლებში სოფ. ავრანლოსა[13] და ციკლოპური კომპლექსის ჩრდილოეთით არსებულ მინდორზე გაითხარა გვიანბრინჯაო-რკინის და ანტიკური ხანის სამარხები. აღნიშნულ მინდორზე და მის აღმოსავლეთით არსებულ გორაზე დადასტურდა ადრებრინჯაოს მტკვარ-არაქსული კულტურისა და გვიანბრინჯაო-რკინის ხანის დასახლებები.[14][15]
თეზი
რეგიონი | ქვემო ქართლი |
უახლოესი დასახლება | ავრანლო |
აბსოლუტური სიმაღლე | 1642 მ |
მოიცავს | 0.7 ჰა |
კედლის სისქე | 2.5-7.0 მ |
გრძედი | 41.662650° N |
განედი | 43.883969° E |
ტიპი | გამაგრებული დასახლება |
წყარო
- დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019
ლიტერატურა და შენიშვნა
- ზემოთ ასვლა ↑ А. Иоакимов, Выписка из Дневника Археологических Работ на Цалке, Известия Кавказского Общества Истории и Археологии. т. I, вып. 1, Тифлис, 1882, გვ. 8
- ზემოთ ასვლა ↑ Е. Такаишвили, Археологическiя экскурсiи, разысканiя и замѣтки, Тифлис, 1913, გვ. 45
- ზემოთ ასვლა ↑ ლ. მელიქსეთ-ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938
- ზემოთ ასვლა ↑ ვლადიმერ ლევანის ძე წილოსანი (1885-1973), ცნობილი ქართველი არქიტექტორი და მხატვარი
- ზემოთ ასვლა ↑ G. Narimanishvili, G. Mindiashvili, N. Shanshashvili, L. Akhalaia, G. Chanishvili, Sh. Melikidze, A. Tevzadze, B. Glurjidze, Cyclopean Structure in Trialeti, National Cultural Heritage Program, Tbilisi, 1998
- ზემოთ ასვლა ↑ G. Narimanishvili, Archaeological investigations in Trialeti, In: P. Avetisyan and A. Bobokhyan (eds.), Archaeology of Armenia in Regional Context, Proceedings of the International Conference dedicated to the 50th Anniversary of the Institute of Archaeology and Ethnography, Held on September 15-17, 2009 in Yerevan, 2012, გვ. 89
- ზემოთ ასვლა ↑ ლ. მელიქსეთ-ბეგი, დასახ. ნაშრომი, გვ. 57-58
- ზემოთ ასვლა ↑ G. Narimanishvili, J. Amiranashvili, M. Kvachadze, N. Shanshashvili, Archaeological site at Avranlo, In: G. Gamkrelidze (ed.), Rescue Archaeology in Georgia, The Baku-Tbilisi-Ceihan and South Caucasus Pipelines, Tbilisi, 2010, გვ. 383
- ზემოთ ასვლა ↑ Б. Куфтин, Дневник 1940 года (ხელნაწერი ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქივში), გვ. 14-15
- ზემოთ ასვლა ↑ გ. ნარიმანიშვილი, თრიალეთის ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები, საქართველოს და კავკასიის ისტორიის და არქეოლოგიის საკითხები, თბ., 2012, გვ. 135
- ზემოთ ასვლა ↑ Б. Куфтин, Дневник 1940 года (ხელნაწერი ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქივში), გვ. 16
- ზემოთ ასვლა ↑ იქვე, გვ. 40-43
- ზემოთ ასვლა ↑ Б. Куфтин, Археологические раскопки 1947 года в Цалкском районе, Тбилиси, 1948, გვ. 10-26
- ზემოთ ასვლა ↑ G. Narimanishvili, J. Amiranashvili, M. Kvachadze, N. Shanshashvili, Archaeological site at Avranlo, In: G. Gamkrelidze (ed.), Rescue Archaeology in Georgia, The Baku-Tbilisi-Ceihan and South Caucasian Pipelines, Tbilisi, 2010, გვ. 386
- ზემოთ ასვლა ↑ N. Shanshashvili, Sites of the Kura-Araxes Culture in Trialeti, In: G. Gamkrelidze (ed.) Rescue Archaeology in Georgia, The Baku-Tbilisi-Ceyhan and South Caucasus Pipelines, Tbilisi, 2010, გვ. 161-164