გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

იასაული

იასაული


  1. (თურქ. yasaul — ბრძანების აღმსრულებელი) — მმართველობითი და მართლმსაჯულებითი აპარატის დაბალი მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. მიეკუთვნებოდა ე. წ. ხელჯოხიანთა ჯგუფს. შეიცვალა გაერთიანებული საქართველოს დროინდელი მანდატური და არგნოსანი. საკუთრივ სააღმსრულებლო საქმის გარდა იასაულს გამოკვლევა-გამოძიების დავალებაც ეძლეოდა. მასვე განაწესებდნენ გამოსაღებთა ამკრეფ-გადამხდევინებლად და სამეფო სამეურნეო თუ სხვა სამუშაოთა ზედამდეგადაც. დასტურლამალით ცნობილია სამეფო იასაულების 2 დასი — ეშიკაღასბაშისა (23 კაცი) და ქარხნის ანუ საწყობის ნაზირის სახელოსი (17 კაცი); იასაულები სხვა სახელოებშიაც (სალაროში, დავთარხანაში) იყვნენ. არსებობდა სადედოფლო იასაულების დასიც (17 იასაული). თვითონ იასაულების გარდა იასაულობა, დაინტერესებული პირის თხოვნითვე, ზოგჯერ სხვა, უფრო გავლენიან მოხელესა თუ დიდ ფეოდალსაც ეკისრებოდა.
  2. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ — საქალაქო პოლიციის მოხელე. გორში, დუშეთში, თელავსა და სიღნაღში განაწესებული იყო თითო-თითო იასაული, ხოლო თბილისში — ოთხი. შეუსატყვისებოდა უბნის პოლიციის უფროსს რუსეთის ქალაქებში.
  3. XVI საუკუნიდან თანამდებობრივი წოდება ყაზახთა ჯარში, თავდაპირველად არჩევითი. შემდეგ (XVIII ს.) გაუთანაბრდა რუსეთის არმიის ობეროფიცრის ხარისხს, ბოლოს — როტმისტრობას, ასეულის მეთაურობას ცხენოსან ჯარში.