გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კათოლიკობა

კათოლიკობა


(ბერძ.: καθολικός – "საერთო", "უნივერსალური") ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს თანახმად, ეკლესიის მესამე სახასიათო ნიშანი: "მრწამს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". დასაბამიდანვე სიტყვამ უნივერსალურის, საყოველთაოს მნიშვნელობა შეიძინა, იმ თვალსაზრისით, რომ ეკლესიის გზავნილი მიემართება ყველა დროისა და ხალხის ყველა ადამიანს, თანახმად ფორმულისა "ის, რაც მუდამ, ყველასათვის და ყველგანაა" აღსარების საგანი. კათოლიკობა, როგორც ეკლესიის არსებითი თვისება, მკაფიოდაა გამოკვეთილი ბიბლიაში. ძველ აღთქმაში საყოველთაობა მესიანიზმს უკავშირდება, – აღთქმული მესიის სასუფეველი აღწერილია, როგორც საყოველთაო სასუფეველი, რომელმაც დედამიწის ყველა ხალხი უნდა გააერთიანოს. ახალ აღთქმაში იესო აცხადებს: "წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი..." (მათ. 28:19) და "თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სული წმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალემში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე" (საქ. 1:8). ახალ აღთქმაში შემავალი კათოლიკე წერილების სახელწოდება სწორედ მათი საყოველთაო დანიშნულებიდან მომდინარეობს. ტერმინი პირველად წმიდა ეგნატე ანტიოქიელმა გამოიყენა თავის წერილში ზმირნელთა მიმართ, ქრისტეს მიერ გამოცხადებული და მოციქულთა მეშვეობით გავრცელებული ერთიანი მოძღვრებისადმი ქრისტიანული საკრებულოს ერთგულების აღსანიშნავად.