გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

კალო

კალო. ნიკო ფიროსმანის ნახატიდან

კალო


პურეულის სალეწი ადგილი (ღია ან დახურული), ღია კალო გავრცელებული იყო საქართველოს ყველა კუთხეში, დახურული კი — აღმოსავლეთ საქართველოს მთის ზოლში. კალოს უმთავრესად მართავდნენ სწორ, გაშლილ ადგილზე საამისოდ ძველად ზოგან მიწური სახლის ბანსაც იყენებდნენ. კალოზე პურს ლეწავდნენ კევრით, ქვის დაკბილული მორგვებით (ჭარჭარა) ან შინაურ საქონელს გადაატარებდნენ. კევრსა და ჭარჭარაში უმთავრესად ხარებსა და კამეჩებს უბამდნენ. ლეწვის დასაჩქარებლად ძნას ნიჩბით აბრუნებდნენ, რასაც კალოსქცევა ერქვა.

ნიჩბით ქცევის დროს იცოდნენ "კალოს გულის გამოღება" — ნალეწის გახვეტა კალოს ნაპირებისაკენ, რათა კევრის კოხებს მიწის ზედაპირი არ აეჩიჩქნა. ნალეწი კალოს ცენტრი არნადით იხვეტებოდა. ხვავს ჯერ ფიწლით, შემდეგ ნიჩბით ანიავებდნენ, რასაც "ნიჩაბში გამოყვანას" ეძახდნენ. ხორბლის ხვავს ჯერ ცხავში ატარებდნენ, შემდეგ — ცხრილში. გაცხრილული ხორბალი სახლში გადაჰქონდათ, ზოგჯერ კალოზევე მოწყობილ პურის შესანახ ორმოებსა და ხაროებში ინახავდნენ.

კალო წმინდა ადგილად მიაჩნდათ. კალოზე დატოვებულ ხვავში ავი ძალისაგან დასაცავად რკინას ჩატოვებდნენ ან ხვავის თავზე ტყემლის ტოტს ჩაასობდნენ. ძველად კალოს განათვლა ცხვრის დაკვლითაც სცოდნიათ. კალოზევე გაჰქონდათ ახალი მოსავლის პირველი ნამცხვარი.

კალო და კალოობა (პურეულის ლეწვის პერიოდი) ხანგრძლივი და შრომატევადი სამეურნეო ციკლი იყო, რომელიც ივნისიდან იწყებოდა (კახეთი) და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სექტემბრამდე გრძელდებოდა. მთის ზოლში დახურულ კალოზე ხორბლეულს ზამთარშიც ლეწავდნენ.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=კალო&oldid=7406“-დან