კარაქი
კარაქი
რძის ნაწარმი, რომელიც რძის დღვებით მიიღება. მსოფლიოს ბევრ კუთხეში კარაქი ყოველდღიური საჭმელია. იგი ხასიათდება მაღალი კალორიულობით, აგრეთვე მაღალი ბიოლოგიური ფასეულობით და ორგანიზმში იოლი შეთვისებადობით. კარაქი ფართოდ გამოიყენება კულინარიაში, აგრეთვე კოსმეტიკასა და მედიცინაში.
კარაქი ხშირად მზადდება ძროხის რძისგან. ასევე გავრცელებულია სხვა ძუძუმწოვრების, მათ შორის, თხის, კამეჩის და ცხვრის რძისგან დამზადებული კარაქი. 1 კგ კარაქის მისაღებად 20-25 ლიტრი რძეა საჭირო. ამიტომ ისტორიულად იგი წარმატებისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა.
ოჯახის პირობებში კარაქის დასამზადებლად საქართველოში გავრცელებულია ხის ერთგვარი ხელსაწყო, რომელსაც სადღვებელი ეწოდება. იგი წარმოადგენს ცილინდრის ფორმის კასრს, რომელსაც ცილინდრის ერთი ფერდი ამოჭრილი აქვს რძის ჩასასხმელად. სადღვები თოკებით არის ჭერზე ჩამოკიდებული და მისი ორ საპირისპირო მხარეს ხანგრძლივი რყევის შედეგად რძე ორ ნაწილად იყოფა. წარმოიქმნება კარაქი და დო.