ლაგურკა
ლაგურკა
იხ. აგრეთვე: ლიგურკე
შუასაუკუნეთა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კვირიკესა და ივლიტეს მონასტრის ეკლესია, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ხის მიდამოებში, მდ. ენგურის მარცხენა მხარეს, მაღალ მთაზე.
მოყვითალო ფერის შირიმით ნაგებ დარბაზულ ეკლესიას სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენები აქვთ. დასავლეთ მხარეს აღმართულია ორსართულიანი სამრეკლო. ინტერიერში ნახევარწრიული საკურთხევლის აფსიდი დარბაზის ძირითადი სივრცისგან გამოყოფილია ქვის კანკელით. ცილინდრული კამარა ერთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. სიგრძივი კედლები დანაწევრებულია ორ-ორი თაღით. სარკმლები გაჭრილია აფსიდსა და დასავლეთ კედელში. ინტერიერი მოხატულია თევდორე მეფის მხატვრის მიერ (1112 წ) კალის ხევის ფეოდალთა დაკვეთით (აღნიშნულია დასავლეთ კედლის წარწერის შემორჩენილ ფრაგმენტში).
მოხატულობის ლაკონურ სქემაში გამოსახულებათა შერჩევა გარკვეულად ასახავს ადგილობრივ ტრადიეციებს. აქცენტირებულია კვირიკესა და ივლიტეს ფიგურები დასავლეთ კედელსა და კანკელზე. ხოლო მათი ცხოვრების სცენები (კვირიკეს სიკვდილი, ივლიტეს თავის კვეთა) გამოსახულია სამხრეთ კედლის თაღებში. მხატვრობა მონუმენტური ხასიათისაა. მისი განაწილება კედლებზე მკაცრად შეესატყვისება ინტერიერის არქიტექტურულ დანაწევრებას. გამოსახულებათა ექსპრესიით და ემოციური გამომხატველობით, სცენათა თემატიკური შინაარსის ინტერპრეტაციით ლაგურკის მხატვრობა უნიკალურია არა მარტო ამ პერიოდის ქართული მონუმენტურ მხატვრობაში, არამედ საერთოდ შუა საუკუნეთა მხატვრობაში. იგი ერთ-ერთი ადრინდელი ნიმუშია იმ მიმართულებისა, რომელმაც თავი იჩინა ხელოვნებაში XII საუკუნის II ნახევრიდან.
მიწისძვრის დროს დაზიანებული მხატვრობა, როგორც წარწერიდან ჩანს, მოგვიანებით ნაწილობრივ განუახლებია უბრალო ხელოსანს (ძირითადად საკურთხეველში). ლაგურკაში თავმოყრილია როგორც ადგილობრივი შექმნილი, ისე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი შუა საუკუნეთა ხელოვნების ძეგლები (ჯვრები, ჭედური და ფერწერული ხატები, მინანქრები და სხვა).
ლიტერატურა:
- Н. А. Алидашвили, Г. В. Алибегашвили, А. И. Вольская, Росписи художника Тевдоре в Верхней Сванети, Тб., 1966
- Ш. Я. Амиранашвили, История грузинской монументальной живописи, т. 1, Тб., 1957