ლაზები
ლაზები
ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ლაზები (ჭანები), სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისა და მდინარე ჭოროხის აუზის, ისტორიული ლაზეთისა და ჭანეთის მკვიდრი მოსახლეობაა. ძირითადად ცხოვრობენ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე აჭარაში, მდინარე ჭოროხის აუზში და სამეგრელოში ენგურის შესართავთან (ანაკლია). ლაზები საუბრობენ ქართველური ჯგუფის ზანური (მეგრულ-ჭანური) ენის ლაზურ (ჭანურ) დიალექტზე. თურქეთში მცხოვრები ლაზები მუსლიმები არიან, მაგრამ გათურქების იძულებითი პოლიტიკის მიუხედავად მათ შეინარჩუნეს თავისი ენა და კულტურა. ლაზების ერთ ნაწილს საერთო ქართული ენობრივი და კულტურული გარემოსგან იზოლაციის გამო ლაზური თვითშეგნება ჩამოუყალიბდა.
აგათია სქოლასტიკოსი (536-582 წწ.) წერს: "ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ; ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედმაღლობენ, შესაძლებელია არცთუ ისე უსაფუძვლოდ. იმ ტომებს შორის, რომლებიც სხვა სახელმწიფოს ექვემდებარებიან, მე არ მეგულება არც ერთი სხვა ესოდენ სახელგანთქმული და მორჭმული, როგორც თავისი სიმდიდრის სიუხვით ისე ქვეშევრდომთა სიმრავლით, როგორც მიწაწყლის სიჭარბით და მოსავლიანობით ისე ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით… ეხლანდელი მცხოვრებლები დასცურავენ კიდეც, რამდენადაც შესაძლებელია, და ვაჭრობაშიაც ნახულობენ დიდ სარგებლობას. ისინი უკვე არც ბარბაროსები არიან, არც ბარბაროსულ ცხოვრებას ეწევიან, არამედ რომაელებთან კავშირის წყალობით თავიანთი ცხოვრებისათვის სახელმწიფოებრივი და კანონითი სახე მიუციათ; ასე რომ, თუ ადამიანი აღარ მოიგონებს სპილენძისჩლიქებიან ხარებს და მიწისაგან აღმოცენებულ ბუმბერაზებს და ბევრ სხვა საკვირველსა და დაუჯერებელ ამბავს, რაც აიეტის გარშემო შეთხზულ თქმულებაშია, – ის დარწმუნდება, რომ ეხლანდელი ვითარება წინანდელზე ბევრად უკეთესია"[1]
ცნობილი თურქი მოგზაური ევლია ჩელები (XVII ს.) გადმოგვცემს: "ლაზიკად წოდებული გლეხობა ძალზე უტეხი ხალხია. ამათ სხვა კილო, სიტყვები და გამოთქმები აქვთ, რომელთაც თვით ტრაპიზონის მოსახლეობაც ვერ იგებს – გადათარგმნაა საჭირო… ლაზიკელების ენა კალამს არ ემორჩილება, არ ჩაიწერება, ძლიერ უცნაური ენაა."[2]
ლაზები ვაჭრობას მისდევდნენ. ისინი მდ. ჭოროხით სამეგრელოს საზღვრებისაკენ მიდიოდნენ და მიჰქოდათ მარილი, რკინეული, ხელსაწყო-იარაღები და სხვ. "ამ ხალხის უმეტესობა მეზღვაურებია. მდინარე ჭოროხით სამეგრელომდე აღწევენ, ტყვეები მოჰყავთ და ასე საქმიანობენ. კარგი, დიდი ყურე აქვს. ღუზის დამჭერი ნავსადგურია, რომელიც ყურეში მდებარეობს, მაგრამ მისი დასავლეთი მხარე ღიაა… ლაზების ბევრ ნავს ამ მდინარის აღმა, აღმოსავლეთისაკენ და სამეგრელოს საზღვრებისაკენ მიაქვს მარილი, რკინეული, სხვადასხვა ხელსაწყო-იარაღი მათ სამეგრელოსა და გურჯისტანის ბზის ხეზე, თაფლზე, თაფლის სანთელზე, ტყვე ქალიშვილებსა და ჭაბუკებზე ცვლიან და ასე ვაჭრობენ."[3]
ევლია ჩელები მოგვითხრობს ლაზური მენექსილა ხომალდების შესახებ. იგი წერს: "სამასამდე მეთოფე იანიჩარი და მე, მწირი, ჩემი ხუთი ქართველი ტყვე ბიჭით, ათ ლაზურ მენექსილაში ჩავსხედით. მენექსილა ხომალდები შენდება სამი მსხვილი ალვის ხისაგან, რომლებიც მდინარე ჭოროხის ნაპირებზე ხარობენ. ერთი ფიცარი ქვემოდანაა გობივით. თითოც გვერდებზეა. მაგრამ ძალზე დიდი ფიცრებია. ხომალდების გვერდებზე ორი კაცის სიმსხო ლერწმისა და ჭილის წნულია შემოკრული. ამიტომ არის, რომ ზღვის ქარიშხალი ხომალდში ვერ ატანს და შავი ზღვის ქარიშხალში კორპებივით დაცურავენ. გობის მოყვანილობის საუცხოო ნავებია, რომელთაც თავი და ბოლო არ ატყვია. ამ მხარეში მათ სახელად მენექსილას უწოდებენ. ასი კაცი აჰყავს."[4]
ვახუშტი ბატონიშვილი ლაზებს ასე ახასიათებს:
"… კაცნი არიან ხელოვანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათა, დიდთა და მცირეთა, და სარწმუნოებით აწ სრულიად მოჰმადიანნი, გარნა მცირედნი ვინმე მოიპოებიან ქრისტეანენი, არამედ იციან კუალად ქართული ენა ვიეთთამე"[5]
ლიტერატურა:
- ↑ ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1936, გვ. 50-51
- ↑ ევლია ჩელების "მოგზაურობის წიგნი", თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გიორგი ფუთურიძემ, ნაკვ. I, , თბ., 1971, გვ. 92
- ↑ ევლია ჩელები, გვ. 92, 95
- ↑ ევლია ჩელები, გვ. 95
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი, საქართველოს გეოგრაფია, თბ. 1904