ლიჩენიში
ლიჩენიში
ახალშობილი ვაჟის პირველად მიყვანა სალოცავში. ვაჟიანობის, ავადმყოფთა განკურნების, უძეო ოჯახის მიერ ღვთისაგან შვილის გამოთხოვნის დღე. დღეობა იმართება ლიგურკის მომყოლ ხუთშაბათს იფარის თემის ჩანის წმ. გიორგის ეკლესიასთან (სვანეთი).
"ლიჩენიში" სოფელ ადიშში გამართულ საწესო დღეობათაგან უპირველესია და ამიტომ ადგილობრივი სვანები მას, ხშირად, ადიშობასაც უწოდებენ. წმინდა გიორგის სახელობაზე გამართულ ამ დღესასწაულზე ხდება, წლიდან წლამდე სოფელში დაბადებული ვაჟების დალოცვა, მათი ბედნიერებისა და ჯანმრთელობისადმი ლოცვის აღვლენა და ქუდოსანი წმინდა გიორგის მფლობელობაში მოყმეთა ხატში გაყვანა. დღესასწაულზე მოდიან აგრეთვე უძეო ოჯახებიც, რომლებიც სალოცავს ვაჟიანობას შესთხოვენ.
ლიჩენიში მოძრავი დღესასწაულია და კვირიკობის (28 ივლისი) შემდეგ ხუთშაბათს იმართება. ცალკეულ შემთხვევებში ხდება დღეობის გადავადება ერთი კვირითაც (მაგ. თუ სოფელში მიცვალებული ჰყავთ).
დღესასწაულზე ძირითადად ადიშელები (სოფელში მხოლოდ ორი გვარი სახლობს - ავალიანები და ქალდანები) იყრიან თავს. მოდიან აგრეთვე თემიდან გათხოვილი ქალებიც თავთავიათი ოჯახებით.
დღესასწაულის მთავარი მომენტია შესაწირის მიტანა წმინდა გიორგის ხატისადმი. შესაწირს შეადგენს: 3-6 მეტრის სიმაღლის ნაძვის ან ფიჭვის სარი (ღვატი) მასზე შესაბმელი ნაჭრით (დურშა); საკლავი - ხბო, მოზვერი ან ციკანი; 60-მდე ლAმზირი, 1 ლ. ზედაშე და თაფლის სანთელი. ამას გარდა მოლჩენიშს (მლოცველს) მოაქვს 20-30 ცალი ხაჭაპური, ერთი სამამაკაცო პური 10 ლიტრამდე რახი (საერთო ნადიმისთვის). შესაწირიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ღვატი და დურშაი, რომელთა წარმოჩინებითაც განსაკუთრებით ამაყობს ნლოცველი ვაჟის მამა (მოლჩენიში). მათი მოტანა აუცილებელია მკვიდრი ჰადიშელისთვის ყოველ ვაჟზე, ხოლო სოფლიდან გათხოვილი ქალის (ჰასვიში) ოჯახისთვის პირველსა და მეორე ვაჟზე.
ღვატი 3 - 6 მეტრის სიმაღლის სარია, რომელსაც ვაჟის მამები სწირავენ სალოცავს. დღეობამდე 3 - 4 დღით ადრე მოლჩენიში (მლოცველი) მიდის ტყეში, სადაც წინასწარ უკვე შეგულებული აქვს საჭირო სიმაღლის ნაძვის ან ფიჭვის ხე და თლის შესაწირ ღვატს. დურშაი - ღვატზე შესაბმელი ქსოვილის ნაჭერია, რომელსაც სალოცავს ვაჟის მადლიერი დედები სწირავენ. საერთოდ სვანეთში, ისევე როგორც საქართველოში და ზოგადად მთელს კავკასიაში, საკმაოდ გავრცელებულია სათემო ხატებში ნაჭრების (საკადრისების, ხატის პერანგის, ლეჩაქის...) მიტანა.
ლიჩენიშთან დაკავშირებით არსებობდა რიგი აკრძალვებისა თემის ყველა სრულასაკოვანი წევრისათვის. მაგ. დღესასწაულამდე ერთი კვირით ადარე ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს წყვეტდნენ თემის ყოველ ოჯახში; დღესასწაულში არ მონაწილეობდნენ ახალდაქორწინებულნი სამ თვემდე და მგლოვიარე (ორმოცამდე) ოჯახები.
დღესასწაულის გაძღოლის მიზნით სოფელი 4 ნაწილადაა გაყოფილი, და ისინი მორიგეობით ასრულებენ ამ მოვალეობას. იმ პირებს, რომლებიც დღეობას უძღვებიან ,,მემზირებს“ უწოდებენ. მათ ევალებათ მოლჩენიშთა მოტანილი შესაწირის უშუალოდ შეწირვა ხატისადმი და ლოცვა-ვედრების აღვლენა მლოცველთა სახელით. მათ უნდა გაეწიათ აგრეთვე დღესასწაულისწინა სამზადისიც (ტერიტორიის გაწმენდა, შეშის მომარაგება, ქვაბებისა და ჭურჭლის მომზადება ...).
მლოცველები ჯერ კიდევ მზის ამოწვერვამდე თავს იყრიან ეკლესიასთან. იქვე გალავანთან გადმომდინარე წყაროზე განიბანებიან, რის შემდეგაც, განწმენდილთ უფლება ეძლევათ სამლოცველოს ტერიტორიაზე შესვლისა. ლიჩენიშზე საკმაოდ ბევრი მლოცველი იყრის თავს სრულიად სვანეთისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან.
მსხვერპლთშეწირვა მზის ამოსვლისთანავე იწყება და იქვე, ეკლესიის გვერდით სრულდება. მოლჩენიში თავის ზვარაკს მიუყვანს მემზირს, რომელსაც ამ რიტუალის შესრულება ევალება. ეს უკანასკნელი ერთ ხელში სანთლით და მეორეში ლემზირ-ზედაშით, შეავედრებს წმინდა გიორგის მოლჩენიშის ვაჟს და ოჯახს. შემდაგ, ამავე სანთლით საკლავს შუბლზე ბალანს შეატრუსავს და ამ ადგილზე ზედაშეს მიაპკურებს. ამის შემდეგ მლოცველს უფლება ეძლევა, იქვე ეკლესიის გვერდით, თავადვე შესწიროს საკლავი სალოცავს. პატრონს ზვარაკის მარჯვენა ბეჭი და გულ-ღვიძლი უბრუნდება, დანარჩენი ხორცი კი იქვე იხარშება და პურობის დროს საერთო სუფრაზე ნაწილდება. ცალკე იწვება ზვარაკის გულ-ღვიძლი, რომლიც განსაკუთრებულ კერძად ითვლება და მისი შეჭმა ყოველი მლოცველისთვის სასურველია. იკვლება აგრეთვე სოფლის მიერ ნაყიდი ხარიც. ხარს დაკვლის წინ შეიყვანენ ლადბაშში (სამზადში), სადაც ,,მოლოზანი” (როგორც წესი, მოლოზნობას თემის ჭარმაგი პირები თავობენ) ზემოთ აღწერილი წესისამებრ შესწირავს მას სალოცავს. იგი თავის ლოცვაში ქუდოსან წმიდა გიორგის სოფელში ქუდის დამხურავთა (მამაკაცთა) გამრავლებას შესთხოვს.
მსხვერპლთშეწირვის შემდეგ მლოცველი შედის ეკლესიაში და იქ მყოფ მემზირს გადასცემს ზედაშეს, ლემზირებს, სანთელსა და ფულს. ეს უკანასკნელი კი შესაწირს გადასცემს მოლოზანს, რომელიც საკურთხეველთან ასრულებს მსახურებას. იგი დალოცავს მოლჩენიშის ვაჟს და ჯანმთელობას, ბედნიერებას, გამარჯვებას უსურვებს მას.
შეწირვის რიტუალი, დაახლოებით შუა დღისთვის სრულდება, რის შემდეგაც მოლჩენიშები (ვაჟების მამები) თავიანთ მოტანილ ღვატებს შეაბამენ ნაჭრებს და აღმართული ღვატებით დგებიან ეკლესიის მახლობლად შემაღლებულ ადგილზე. ეკლესიიდან პროცესია გამოასვენებს ხატს და მოლჩენიშებისკენ გაემართება. მსვლელობის დროს სრულდება წმინდა გიორგის სადიდებელი და კვირია სამ-სამჯერ. ღვატებაღმართული მოლჩენიშების მწკრივთან პროცესიის მიახლოების შემდეგ, ახლა უკვე საბოლოოდ, სჯაროდ, შეძახილებით დალოცავენ იმ წელს დაბადებულ ვაჟებს, ახალ ყმებს წმინდა გიორგისას...
დასასრულ, უნდა აღინიშნოს მამაკაცის განსაკუთრებული როლი დღეობის მსვლელობაში. შესაწირის მიტანას, საკლავის დაკვლას, ღვატების აღმართვას, ფულის შეწირვას მხოლოდ მამაკაცები ასრულებან. ქალები მოშორებით დგანან და იქიდან შეჰყურებენ რიტუალის მსვლელობას. საგულისხმოა ისიც, რომ მლოცველნი (მოლჩენიშები) სალოცავში უქუდოდ არ მიდიან.
ყოველივე ამის შემდეგ იმართება საერთო ნადიმი, ცეკვა-თამაში და სიმღერა, სადაც მამაკაცებიც და ქალებიც თანაბრად მონაწილეობენ. ადრე მხიარულების გამართვა ეკლესიის ეზოში დაუშვებელი იყო, ამჟამად კი ეს ტრადიცია დავიწყებულია.
ლიჩენიშის მომდევნო სამშაბათს იწყებენ თიბვას, რის აღსანიშნავადაც ხარი ახლა უკვე უშუალოდ სოფელში, მთავარანგელოზის (თარინგზელი) ეკლესიის ეზოში იკვლის.
ლიტერატურა