გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

ლურჯი სუფრა

ლურჯი სუფრა

ლურჯი სუფრა


ქართული ტრადიციული სუფრის ერთ-ერთი ნიმუში. ამზადებდნენ ბამბის ან სელის ქსოვილისაგან. ნახატის რეზერვაცია აღმოსავლეთიდან შემოსული ცივი, კუბური წესით სრულდებოდა, რომლის მიხედვითაც ცხიმნარევ, სანთლიან ქსოვილზე საჩითავი ყალიბებით ფიგურებს გამოსახავდნენ. ამ წესით სუფრებს სხვადასხვა წესით ღებავდნენ რუსეთსა და ევროპაში, საქართველოში კი მხოლოდ "ლურჯ სუფრებს" ჩითავდნენ.

სელის ქსოვილისაგან დამზადებული სუფრები ბაცი ლურჯი ფერისაა, მისი თეთრი ნახატები ოდნავ ბუნდოვანი, სტილით არქაული, რაც მის ძველ წარმოშობაზე მიუთითებს. შედარებით ახალია ბამბის ქსოვილისაგან ნამზადი სუფრები, რომლებიც მკვეთრი ლურჯი ფერისაა, ნახატები კი კაშკაშა თეთრი.

სასუფრე ქსოვილის მხატვრული გაფორმება ოსტატის გემოვნებით სრულდებოდა, თუმცა იგი არასოდეს არღვევდა დაჩითვის სპეციალურ სქემას. ასე მაგალითად: აღმოსავლური "მანი" სუფრის ძირითადი მოტივია, არშიებზე "როზეტები" და "ვარსკვლავებია" მოყოლებული ერთმანეთის მონაცვლეობით. ხშირ შემთხვევაში ქსოვილის ცენტრში "მედალიონს" გამოსახავდნენ, მის გარშემო კი ადამიანის, ცხოველების და ფრინველების ფიგურებს. ვხვდებით დანა-ჩანგლის მოტივებსაც. საყურადღებოა სუფრაზე "დაჩითული" ნადირობის სცენები, უპირატესობა ენიჭებოდა რქებდატოტვილი ირემის "დაჩითვას" დროშით, რომელზეც მზე, ხან ჯვარი, ხანაც ადამიანი იყო გამოსახული. გარდა დეკორატიული დანიშნულებისა, მოტივებს რიტუალური დატვირთვაც გააჩნდათ. რაც ხალხის მსოფლმხედველობიდან იყო მომდინარე. "ლურჯი სუფრა" საზოგადოების ყველა ფენისათვის იყო ხელმისაწვდომი.

"ლურჯი სუფრა" მზადდებოდა თბილისის, გორის, თელავის საჩითავ სახელოსნოებში. ლურჯი სუფრას ფართოდ ხმარობდნენ გვიანდელი ფეოდალური ხანის ქართული საზოგადოების ყველა ფენაში. XVII საუკუნის I ნახევარში რუსული წყაროების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო კარზე მიღებული ეტიკეტით ლურჯი სუფრა დარბაზობის დროს კარისკაცთა პურობისათვის ყოფილა განკუთვნილი. XIX საუკუნეში ლურჯი სუფრა ფართოდ იყო გავრცელებული თბილისის მოსახლეობაში, განსაკუთრებით მოქალაქეთა ყოფაში სხვადასხვა დღეობასთან დაკავშირებულ პურობასა და საქორწინო წვეულებებში. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (მთიულეთში) ახლო წარსულამდე იყო შემონახული ვიწროგანიანი და გრძელი ლურჯი სუფრები, რომლებიც სათემო დღეობებზე საწესო პურობისთვის იყო განკუთვნილი. XVIII-XIX საუკუნეებში ლურჯი სუფრების საყურადღებო კოლექცია დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში.