გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

მეღრეკის ციხე

კომპლექსი მდებარეობს სოფ. იხტილადან პატარა სამსარისკენ მიმავალ, ახლად გაჭრილი გზის შუა ნაწილში, მარცხენა მხარეს არსებულ გორაზე. გზის მშენებლობისას, გორის თითქმის ნახევარი მოიჭრა, რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა აქ არსებულ არქეოლოგიურ ძეგლს. დანგრეული გორის ჭრილში გამოჩნდა თითქმის 8 მეტრის სიმძლავრის კულტურული ფენა, რომელშიც იკვეთება სამი სხვადსახვა პერიოდის დასახლების კვალი. გორის თავზე, თავდაპირველად, შეიმჩნეოდა მხოლოდ დუღაბით ნაშენი ციხის ნანგრევი. ხელმეორედ წარმოებული დაზვერვებისას დაფიქსირდა გორაზე ახლად აყვანილი გზა, რომელმაც საძირკვლიანად მოთხარა გვიანდელი ციხის კედლის ერთი ნაწილი, თუმცა გამოაჩინა უფრო ადრეული, ციკლოპური წყობით ნაგები ციხის კედელი. საინტერესოა, რომ გორის ჭრილში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის საფუძველზე, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ზედა ფენა განეკუთვნება შუა საუკუნეებს. მომდევნო კულტურული ფენა გვიან ბრინჯაოსა და რკინის ხანის არქეოლოგიური მასალის შემცველია. ქვედა, ყველაზე მძლავრი კულტურული ფენა განეკუთვნება ადრებრინჯაოს ხანას, მტკვარ-არაქსის კულტურას, რომელშიც შეიმჩნევა ორი სამშენებლო ჰორიზონტი. აღნიშნული გორა წარმოადგენს უნიკალურ შემთხვევას, სადაც ნათლად ჩანს კულტურული ფენებისა და სხვადასხვა ტექნიკით ნაშენი სიმაგრეების ერთმანეთთან მიმართება ქრონოლოგიურ ჭრილში.

მეღრეკის ციხე

რეგიონი ჯავახეთი
უახლოესი დასახლება იხტილა
აბსოლუტური სიმაღლე 1845 მ
მოიცავს 0.48 ჰა
კედლის სისქე
გრძედი 41.552320° N
განედი 43.567427° E
ტიპი გამაგრებული დასახლება

მეღრეკის ციხის აეროფოტო

წყარო

  • დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019