ნადური
ნადური
ქართული ხალხური შრომის პოეზიის სახეობა, კოლექტიური სიმღერა. გამოირჩევა სინკრეტული ხელოვნების პლასტებით (მოქმედება, სიმღერა, ლექსი). ნადური ორ-, სამ- და ოთხმიანია, ამასთანავე — ორმხრივიც. სრულდება ანტიფონიურად — ერთმანეთის შენაცვლებით. მუშობის დამთავრებამდე გრძელდება მუსიკალური პოეტური შეჯიბრი. ნადურით მდიდარია გურია და აჭარა, განსაკუთრებით ქობულეთის რაიონი, სადაც მრავლადაა წარმოდგენილი ორხმიანი ნადურის ნიმუშები. ისინი პირველად 1958 წელს ჩაიწერეს (აღსანიშნავია "ქალი ვიყავ აზნაური", "ჩიორა", "ბერიკაცი ჩაჩნაბერი", "ყარანაი", "საჯავახურაი" და სხვ.). სიმღერას იწყებს მთქმელი, აჰყვება პირველი მხარე, შემდეგ მეორე მხარე ჩამოართმევს. თითო მხრეზე 6 მომღერალია; ერთი გამყივანი, ერთი მთქმელი, 2 შემხმობარი, 2 ბანი. სიმღერის პირველი მონაკვეთი მიჰყავს 3 ხმას, ოთხმიანობა ჩნდება მეორე მონაკვეთში, დასასრულს კვლავ 3 ხმა რჩება და სიმღერა უნისონში მთავრდება. პოეტური 3 ხმა მღერის შეძახილებით: "ჰოაა, იაო, ჰიო, ჰაი და ჰოჰე, ჰაო" და ა. შ. ნადურის ტექსტად იყენებენ სხვადასხვა თემატიკის (საწესჩვეულებო, საგმირო, საყოფაცხოვრებო, სატრფიალო) ლექსებს, რომელთაც გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში "საჩივარს" ("საჩიარს") უწოდებენ. 1970-იან წლებში მოსკოვის ფონოარქივებში აღმოჩენილ იქნა 1907 წელს გაკეთებული გურული ოთხხმიანი ნადურის ჩანაწერი, რომელსაც გიგო ერქომაიშვილის გუნდი ასრულებს. იგივე ჩანაწერი დაცულია ლონდონში.
დილის ნადური. ანჩისხატის ტაძრის გუნდი
ლიტერატურა
- გ. ჩხიკვაძე, გ. ჭელიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 288, თბ., 1984
- მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, ტ. 1, თბ., 1975
- თ. ოქროშიძე, ქართული ხალხური შრომის პოეზია, თბ., 1963
- ა. ინაიშვილი, ჯ. ნოღაიდელი, გ. ჩხიკვაძე, აჭარული ნადური სიმღერების ოთხმიანობის თავისებურების შესახებ, „ლიტერატურული აჭარა“, 1960, № 1
- ჯ. ნოღაიდელი, ეთნოგრაფიული ნარკვევი აჭარელთა ყოფა-ცხოვრებიდან, ტფ., 1935