უწყლო
სოფ. სანთის თავზე არსებული მაღალი ქედის თხემზე მდებარეობს სანთის ციკლოპური კომპლექსი -ზედა ციხე. ამავე ქედის სამხრეთის ფერდზე არსებულ ბუნებრივ ტერასაზე აშენებულია მეორე ციკლოპური სასიმაგრო კომპლექსი - ქვედა ციხე.
პირველ ცნობებს კომპლექსების შესახებ იძლევა ლ. მელიქსეთ-ბეგი, რომელსაც გარკვეული აღწერილობაც გაუკეთებია.[1] აღსანიშნავია ვ. წილოსანის მიერ 1937 წელს შედგენილი ნახაზები, რომელიც დღესაც აქტიურად გამოიყენება სამეცნიერო ლიტერატურაში. 1991 წელს არქეოლოგიურ გათხრებს აქ აწარმოებდა თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიცია გ. ნარიმანიშვილის ხელმძღვანელობით.[2]
ლიტერატურაში არსებული ცნობების მიხედვით, ის შედგება გამაგრებული და გაუმაგრებელი დასახლებებისაგან, რომლებიც მთლიანობაში რამდენიმე ათეულ ჰექტარს მოიცავს. გამაგრებული დასახლება იმეორებს ქედის თხემის კონტურს და რამდენიმე უბნისაგან შედგება. ქედის ცენტრალურ ნაწილში აღმართულია მასიური ქვებით ნაშენი კედელი. მისი სიგრძე 100 მ-მდე, სისქე 3.5-4.0 მ-ია, ხოლო სიმაღლე 2 მ-მდეა შემორჩენილი. ვ. წილოსანის ნახაზის მიხედვით, აქვე ყოფილა სიმაგრეში შესასვლელი, რომლის გვერდით კიბეებიანი კოშკი იყო აგებული. ამავე ნახაზისა და არსებული აღწერილობის თანახმად, აღნიშნული კოშკიანი კედლის შემდეგ, დასახლება თითქოს გაუმაგრებელი უნდა ყოფილიყო, ასეთივე მდგომარეობაა თითქოს აღმოსავლეთ მხარესაც. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა ძვ.წ. XIII-XII სს. ერთი სახლი, რომლის საფუძველზეც მოხდა სასიმაგრო კომპლექსის პირველადი დათარიღება.[3]
დაზვერვების დროს, დასახლების უკიდურეს დასავლეთ ნაწილში დადასტურდა მოზრდილი ქვების გრძივი ზღუდე, რომელიც მთლიანადაა დანგრეული, დღევანდელი ნიადაგის დონეზე მისი სისქე ზოგ შემთხვევაში 1.5-2.0 მეტრია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზედა ციხის დასახლება, გარკვეულ პერიოდში, მთლიანად უნდა ყოფილიყო შემოზღუდული თავდაცვითი კედლით.[4]
სანთის კომპლექსის ქვედა ციხეზე ლ. მელიქსეთ-ბეგს სამი კოშკი უნახავს, რომელთა დიამეტრი 9 მეტრს შეადგენს. ვ. წილოსანის ნახაზის მიხედვით და, ასევე, დაზვერვების დროს ვიზუალური დათვალიერებისას, აშკარად ჩანს მხოლოდ ორი კოშკი, მელიქსეთ-ბეგის მიერ ნახსენები მესამე კოშკი კი კონტრფორსს წარმოადგენს. 1936 წელს არქეოლოგიური გათხრები აქ დაიწყო თრიალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბ. კუფტინის ხელმძღვანელობით. სანთის ქვედა ციხე მდებარეობს ზედა ციხის სამხრეთით, ქედის შუა წელზე არსებულ ერთგვარ ბუნებრივ ტერასაზე, რომლის სამხრეთი ნაწილი კლდოვან შემაღლებას წარმოადგენს. კომპლექსი შედგება ძირითადი სიმაგრისა და მის აღმოსავლეთით და დასავლეთით, ტერასის თხემზე, გამავალი კედლებისგან, რომლებიც შემოზღუდავენ აქ არსებულ დასახლებას და ებჯინებიან ქედს. სიმაგრე აგებულია კლდოვან შემაღლებაზე, რომელიც სამხრეთიდან ბუნებრივადაა დაცული ციცაბო ფერდით.[5][6][7] ჩრდილოეთის მხრიდან ის შედგება დასავლეთის და ცენტრალური კოშკებისგან. ვ. წილოსანის ნახაზის მიხედვით, ცენტრალურ კოშკსა და კონტრფორსს შორის სიმაგრეში შესასვლელი იყო, ხოლო კოშკებს შორის კედელზე ადიოდა კიბე.
გამაგრებული დასახლების ცენტრალურ ნაწილში აღმართული ყოფილა დიდი ქვა, რომლის გარშემო გაკეთებულ საცდელ თხრილში გამოვლენილი კერამიკა ბ. კუფტინმა შუა საუკუნეებს მიაკუთვნა. გათხრების შედეგად დადასტურებული კულტურული ფენის სიმძლავრე 1.7 მეტრს შეადგენდა, რომელიც სიღრმეში გრძელდებოდა, თუმცა აქ არსებული დიდი ქვების გამო გრუნტამდე ჩასვლა ვერ მოხერხდა.[8] გ. ნარიმანიშვილი აღნიშნავს, რომ კუფტინის მიერ შუა საუკუნეების მასალად მიჩნეული კერამიკა, სავარაუდოდ ანტიკურ ხანას უნდა განეკუთვნებოდეს, ხოლო ამ მასალის შემცველი ფენის ქვეშ აღმოჩენილი კერამიკის ფრაგმენტები, შესაძლოა სანთის ზედა ციხეზე და სხვა ციკლოპურ სიმაგრეებზე აღმოჩენილი მასალის თანადროული (ძვ. წ. XIII-XII სს.) იყოს.[9]
აღსანიშნავია, რომ სოფლის მიდამოებში, გათხრების შედეგად, გამოვლენილი სამაროვნებიც განეკუთვნება ადრერკინის ხანას, ანტიკურ და სასანურ პერიოდებს.[10][11][12][13]
უწყლო
რეგიონი | ქვემო ქართლი |
უახლოესი დასახლება | სანთა |
აბსოლუტური სიმაღლე | 1781 მ |
მოიცავს | 7.5 ჰა |
კედლის სისქე | 3.0-4.0 მ |
გრძედი | 41.657137° N |
განედი | 44.008974° E |
Google Plus კოდი | M245+H5 Santa |
ტიპი | გამაგრებული დასახლება |
წყარო
- დიმიტრი ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019
ლიტერატურა
- ↑ ლ. მელიქსეთ-ბეგი, : მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938, გვ. 55-56
- ↑ გ. ნარიმანიშვილი, ზ. მახარაძე, ნ. შანშაშვილი, შ. მელიქიძე, წალკის ექსპედიცია 1990-1992 წლებში, საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება 1989-1992 წლებში, თბ., 2004, გვ. 123-128
- ↑ გ. ნარიმანიშვილი, თრიალეთის ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები, საქართველოს და კავკასიის ისტორიის და არქეოლოგიის საკითხები, თბ., 2012, გვ. 133
- ↑ დ. ნარიმანიშვილი, საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები, თბ., 2019, გვ. 23
- ↑ Б. Куфтин, Дневник 1936 года, (ხელნაწერი, ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქივში), გვ. 70
- ↑ Б. Куфтин, Дневник 1937 года, (ხელნაწერი, ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქივში), გვ. 148
- ↑ ლ. მელიქსეთ-ბეგი, დასახ. ნაშრ., გვ. 56
- ↑ Б. Куфтин, Дневник 1936 года, გვ. 70-74
- ↑ გ. ნარიმანიშვილი, თრიალეთის ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები, საქართველოს და კავკასიის ისტორიის და არქეოლოგიის საკითხები, თბ., 2012, გვ. 133
- ↑ Б. Куфтин, Дневник 1936 года, გვ. 73-121
- ↑ Б. Куфтин, Дневник 1936 года, გვ. 9
- ↑ Б. Куфтин, Археологические Раскопки в Триалети, Тбилиси, 1941, გვ. 21-41
- ↑ G. Narimanishvili, Archaeological investigations in Trialeti, In: P. Avetisyan and A. Bobokhyan (eds.), Archaeology of Armenia in Regional Context, Proceedings of the International Conference dedicated to the 50th Anniversary of the Institute of Archaeology and Ethnography, Held on September 15-17, 2009 in Yerevan, გვ. 92