ხაშური
ხაშური
- ქალაქი საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 1872-1917 წლებში მას მიხაილოვო ერქვა, 1918-1931 — ხაშური, 1931-1934 წლებში — სტალინისი. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე სურამულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მ. სიმაღლეზე. XIX საუკუნეში ფოთი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანის შემდეგ ხაშური თანდათან მსხვილი სატრანსპორტო კვანძი გახდა. აქედან სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები მიემართება ბორჯომისა და ახალციხის მიმართულებით. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. მოსახლეობა 28,5 ათასი (2006 წ.). აქ არის ხაშურის სარკინიგზო ტრანსპორტის, შუშის ტარის, კვების მრეწველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (სახალხო თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). შემორჩენილია XVIII საუკუნის კოშკი, იოანე ნათლისმცემლისა და წმ. მარინეს ეკლესიები. ხაშურში მდებარეობს სურამისა და ხაშურის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ეტიმოლოგია: ხაშურის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ე. წ. ღარიბა-ღელე, სადაც ამოდის მლაშე, მარილიანი წყალი, რომელსაც მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებს, სავარაუდოდ სახელწოდება ხაშური ამ მლაშე წყლისაგან მოდის და თავდაპირველად არა დასახლებული პუნქტის, არამედ უბრალოდ ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი იყო.
- მლაშე წყლის მარილი, გინა რაც წყლისა და ტბისაგან მარილის მსგავსი რამ გამოვა: შაბი, ბავრუკი, გვარჯილა და მისთანანი, მათს ნიშანს ეწოდების (სულხან-საბა)[1].
ლიტერატურა