ხახმატის ჯვარი და გახუა მეგრელაური
ხახმატის ჯვარი და გახუა მეგრელაური
გახუა მეგრელაური იყო ჭორმეშიონი, გვარად გოგოჭური. მისი ნასახლარი ჭორმეშავის უბანში, რომელსაც ფიცრული ჰქვია, დღემდე არის შემორჩენილი.
იგი გუდანის ჯვარის მკადრე იყო, მაგრამ უფრო ხახმატის ჯვართან ყოფილა დაახლოებული, სადაც კი წავიდოდა ჯვარი, გახუას თან წაიყოლებდა ხოლმე. გახუას ჯვარი ხელზე მოუდიოდა; როცა იგრძნობდა ჯვარის მოახლოებას, სამკადრეოს გადაიფარებდა ხელზე, რათა ჯვარი ზედ დაბრძანებულიყო. გახუას პირს გვერდზე გაწევდა, რომ თავისი სუნთქვით ღვთისშვილი არ შეეწუხებინა და ასე ისმენდა მის ნებას. გახუა ხანდახან დაიკარგებოდა. ერთ-ორ თვეს არ გამოჩნდებოდა, საფარველდადებული დაჰყავდა თურმე ხახმატის ჯვარს.
სხვა ღვთისშვილებს არ მოსწონდათ რომ ხახმატის ჯვარი ასე იახლოებდა გახუას, ხორციელის სუნი არ ეამებოდათ და საყვედურობდნენ თავიანთ მოძმეს ჯვარს, ხახმატის წმინდა გიორგის: რა არის, ეს დედაკაცის ნამშობი ჩვენში გარიეო? ერთ დღეს, როცა გახუა თავის ფიცრულში იყო, ხახმატის გიორგი გამოეცხადა და აცნობა, რომ ღვთისშვილები მისი წინამძღოლობით ქაჯავეთის დასალაშქრავად მიდიოდნენ და მათ შორის საყმოს წარმომადგენელი უსათუოდ უნდა ყოფილიყო, რათა თავისი თვალით ენახა ქაჯავეთის სამჭედლოს საიდუმლო. ოღონდ რაკი სხვა ღვთისშვილები ადამინის ადამიანის სუნს ვერ იტანდნენ, ხახმატის გიორგიმ უბრძანა გახუას, სამ დღეს ემარხულა. ორ დღეს იმარხულა გახუამ, მაგრამ მესამე დღეს სულმოკლეობა გამოიჩინა და პური და ყველი შეჭამა, და ისევ აუვიდა გახუას ადამიანის სუნი. რა ექნა ხახმატის გიორგის? გახუა თავად ყვებოდა ხოლმე: წამიყვანეს ღვთისშვილებმა და ველკეთილზე ეხში დამაწვინეს და სული ამომიძვრინეს, გვამი კი იქვე მიწაში ჩამარხესო. ასე გაიყოლიეს ღვთისშვილებმა გახუას სული, აიარეს ველკეთილი, გადავიდნენ დათვისჯვრის უღელტეხილი და უჩინრად გასწიეს ქაჯავეთსიკენ. ქაჯავეთის დალაშქვრის შემდეგ უკანა გზაზე მივიდნენ იმ ეხთან, სადაც გახუას გვამი იყო ჩაფლული. მისი სული ისევ სხეულში უნდა ჩაებრუნებინათ, მაგრამ გვამს თურმე მატლი ეხვეოდა და ისე ყარდა, რომ გახუას შეზიზღებია თავისი გვამი, აღარ მოუნდომებია ამყრალებულ გვამში შესვლა და გაქცევა დაუპირებია, სად გარბიხარ, მეპურყველე გახუაო, უთქვამთ ღვთისშვილებს, ჩაძვერი შენს გვამშიო - და "ძალით ჩამაძვრინეს პირიდანო და ავდექი ხორციელი კაციო".
გახუას, - ამბობდნენ, - თაგვის ამონაჭამი აჩნდა მხარზეო. თავად ყვებოდა თურმე:ქვიშაში თაგვს ჩემ მხარზე ხორცი ამოეჭამა და, რომ გავცოცხლდი, თაგვისაგან ამოჭმული მტკიოდაო. მერე წამალი მასწავლეს ღვთისშვილებმა და, როცა შინ დავბრუნდი, ნასწავლები წამალი მოვისვი და მომირჩაო.
თავდაპირველად გახუა არაფერს ამბობდა ღვთისშვილებთან თავისი სიარულის შეასხებ. ღვთისშვილებისგან არ ჰქონია ლაპარაკის ნება. ბოლოს. ხამში რომ შესულა, ნებაც მისცემია და საუბარიც დაუწყია თავის თავგადასავალზე და ღვთისშვილთა საიდუმლო ამბებზე. ამ დროს აღარც ხელზე მოუდიოდა ჯვარი.
გახუას ცოლის მოყვანის უფლება არ ჰქონია ჯვარისგან, მაგრამ მაინც უთხოვია ცოლი. ბავშვს რომელიც შეეძინა, თან ოქროს ჯაჭვი დაყვა დედის მუცლიდან: იზრდებოდა ბავშვი, იზრდებოდა ჯაჭვიც, მაგრამ ბოლოს ჯაჭვი აღარ გაიზარდა და მოახრჩო ბავშვი. ამბობდნენ, ჯვარის ნებას რომ არ დაემორჩილა, ამიტომ უძეოდ გადაეგო გახუაო.
წყარო
- ზურაბ კიკნაძე. ქართული მითოლოგია