გუთანი: განსხვავება გადახედვებს შორის
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
<big>'''გუთანი'''</big> | <big>'''გუთანი'''</big> | ||
---- | ---- | ||
− | <div class="img-thumbnail color-border-dotted">[[ფაილი:Didi_gutani.jpg|right|thumb|1050px|link=|<small>(1) '''[[რვილი]]''', მოხრილი გრძელი (დაახლოებით 3.2-3.4 მ სიგრძის) ძელი, რომელზედაც მიმაგრებულია საკვეთელი, სახნისი, [[ფთე]] და სხვა ნაწილები; (2) '''საკვეთელი''', რვილში გაყრილი რკინისაგან ან ფოლადისაგან დამზადებული მიწის ვერტიკალური საჭრელი სახნისის წინ (ჭრის შემხვედრ ფესვებს და გზიდან ყრის ქვებს); (3) '''სახნისი''', გუთნის ნაწილი, რომელიც ბელტს ჭრის და იღებს; (4) '''[[ფთე]]''', ბელტის გადასაბრუნებელი ხის ან რკინის ფიცარი; (5) '''[[კაკაბი]]''', ხის სადგარი, რომელზედაც დამაგრებულია ფრთა; (6) '''ხმალი''', რვილისა და '''დედნის''' ('''ქუსლის''') შემაერთებელი შვეული ნაწილი ([[დედანი]] გუთნის ნაწილია, რომელზედაც დაყრდნობილია ფრთა და წამოცმულია სახნისი); (7) '''ხელკუდი''' (იგივე: '''ერქვანი''', '''მანჭა'''), გუთნის სახელური; | + | <div class="img-thumbnail color-border-dotted">[[ფაილი:Didi_gutani.jpg|right|thumb|1050px|link=|<small>(1) '''[[რვილი]]''', მოხრილი გრძელი (დაახლოებით 3.2-3.4 მ სიგრძის) ძელი, რომელზედაც მიმაგრებულია საკვეთელი, სახნისი, [[ფთე]] და სხვა ნაწილები; (2) '''საკვეთელი''', რვილში გაყრილი რკინისაგან ან ფოლადისაგან დამზადებული მიწის ვერტიკალური საჭრელი სახნისის წინ (ჭრის შემხვედრ ფესვებს და გზიდან ყრის ქვებს); (3) '''სახნისი''', გუთნის ნაწილი, რომელიც ბელტს ჭრის და იღებს; (4) '''[[ფთე]]''', ბელტის გადასაბრუნებელი ხის ან რკინის ფიცარი; (5) '''[[კაკაბი]]''', ხის სადგარი, რომელზედაც დამაგრებულია ფრთა; (6) '''[[ხმალი]]''', რვილისა და '''დედნის''' ('''ქუსლის''') შემაერთებელი შვეული ნაწილი ([[დედანი]] გუთნის ნაწილია, რომელზედაც დაყრდნობილია ფრთა და წამოცმულია სახნისი); (7) '''ხელკუდი''' (იგივე: '''ერქვანი''', '''მანჭა'''), გუთნის სახელური; |
(8) '''[[კორა]]''', ხის კოჭი, რითაც მიმაგრებულია [[ფთე]] რვილთან; (9) '''კვალის გოგორა'''; (10) '''[[ველის გოგორა]]''' '''ფამფალაკში''' (ღერძში) გაყრილი დიდი და მცირე ბორბლები ; (11) '''ჭინჭილაკი''', ღერძის ჭილიბი (რკინის ან ხის | (8) '''[[კორა]]''', ხის კოჭი, რითაც მიმაგრებულია [[ფთე]] რვილთან; (9) '''კვალის გოგორა'''; (10) '''[[ველის გოგორა]]''' '''ფამფალაკში''' (ღერძში) გაყრილი დიდი და მცირე ბორბლები ; (11) '''ჭინჭილაკი''', ღერძის ჭილიბი (რკინის ან ხის | ||
ჩხირი), რომელიც ღერძის ბოლოშია ჩარჭობილი, რათა [[ღირღიტა]] (ბორბალი) გარეთ არ გამოვარდეს; (12) '''შოლტა''', ფამფალაკში გაყრილი ხე, რომლის ერთი (ყბიანი) მხარე უღელშია (რვილის მეორე მხარე ამ ფამფალაკზე ძევს); (13) '''სახელური'''; (14) '''წნელი'''; (15) '''ხმალის ჭანჭიკი'''; (16) '''რჩხა''' (კავებიანი ჯოხი); (17) '''ბაყაყი'''.</small>]]</div> | ჩხირი), რომელიც ღერძის ბოლოშია ჩარჭობილი, რათა [[ღირღიტა]] (ბორბალი) გარეთ არ გამოვარდეს; (12) '''შოლტა''', ფამფალაკში გაყრილი ხე, რომლის ერთი (ყბიანი) მხარე უღელშია (რვილის მეორე მხარე ამ ფამფალაკზე ძევს); (13) '''სახელური'''; (14) '''წნელი'''; (15) '''ხმალის ჭანჭიკი'''; (16) '''რჩხა''' (კავებიანი ჯოხი); (17) '''ბაყაყი'''.</small>]]</div> |
მიმდინარე ცვლილება 17:48, 14 სექტემბერი 2020 მდგომარეობით
გუთანი
გუთანი ითქმის ინდუსტრიამდელ საქართველოში გავრცელებული რთული სახვნელი იარაღის ერთ-ერთ სახეობაზე, რომლის ფუნქციას შეადგენს ხვნის პროცესში ღრმა და განიერი კვალის გავლება, ბელტის აჭრა, გადაბრუნება და დაფშვნა. გუთნის გამოყენების შედეგად ნიადაგის სტრუქტურა იცვლება, მცენარეულის ფესვები იშლება, გადაბრუნებულ დაფშვნილ ბელტზე კარგად მოქმედებს მზის სხივი და წვიმის ცვარი. გუთანს ახასიათებს ასიმეტრიული აღნაგობა. იგი ცალმხრივი იარაღია, ცალფრთიანი, მართკუთხა სახნისითა და არატოლფერდა თვლებით. მასში ებმის რვა და მეტი უღელი ხარ-კამეჩი. გამოიყენება გრძელი მინდვრების მოსახნავად, ყამირზე, სადაც გადადის ბელტი და სადაც ანეული ითესება. მისი გამოყენების არეალია შუა და ქვემო ქართლის (გორი, ტირიფონი, მუხრანი, საგურამო, აშურიანი, ქარელი, წითელქალაქი, კოდა, გარდაბანი) ველები, კახეთის, მესხეთ-ჯავახეთის, თრიალეთის ველები, ხოლო დასავლეთ საქართველოში ჭიათურისა და საჩხერეს რაიონების მინდვრები. ღრმად მოხვნა - ანეულად, საყანედ, პურად, ნიადაგს სინესტეს უნარჩუნებდა და ამით გვალვის გავლენას ანელებდა. მცდარია შეხედულება იმის შესახებ, რომ გუთანი მხოლოდ ბარული სახვნელი იარაღია, იგი კარგად მუშაობს ზღვის დონიდან 1800-1900 მ. სიმაღლეზე, თუ კი შესაფერისი მინდვრებია მოსახნავად. დიდი მინდვრების, საბატონო დიდი ყანის, თავი ყანის - ხოდაბუნების დამუშვების კომპლექსში შედიოდა გარდა გუთნისა, კოოპერაციული შრომა მოდგამი, ანეული, დოლის პური, საბატონო ორმო, დიდი კევრი, თორნე, მრავალკომლიანი დასახელება. ამ სახის მეურნეობასთან დიდი მასშტაბით ხასიათდება სელთან დაკავშირებული ზეთსახდელები დიდი გელაზებით (ქვის ბორბლის d-2 მეტრია), ვაზის დიდი ქვევრები (100 ლიტრის ტევადობით) და გმირთ ნაკვეთი საწნახლები.
გუთნის ნაწილებია: კბილა (თელა, შეიძლება იფანიც); კბილის ძირი სწორი უნდა იყოს, გათლილი. მისი ერთი გვერდი შუაში ჩათლილია. ჩათლილში მიწა გადაუვლის; ხელკუდი, ტოტი, ხელკუდის ნაჩვრეტი. ხმალი (იფანი), ხმლის ჩხირი, საქლეში, კვალის მანჭა (იფანი, შვინდი), კაკაბი, ფრთის კოფო, ველის მანჭა (იფანი, თელა), ფთე (თელა, წიფელი უკეთესია,). უნდა იყოს სიგანით 14 ვერშოკი, ხოლო სიგრძით - 1.5 მეტრი. იგი მიწას აბრუნებს და ჩეჩს. რკინის გუთანი მიწას კვალზე აწყობს, ხისა კი - აფხვიერებს. ფთე დაგრეხილია (ოვალური). ხის გუთანი თავისი ფთის შემწეობით ბელტს აიკიდებს და გულაღმა გადააგორებს. ფთის დაბმა წნელით უნდა ზემო ნაწილში. სახელური, სახნისი (ცალფრთიანი), აქვს საშური (ბუდე), კვალის ცერი (ფთე), წვერი. დამაგრებულია სოლით, ძელაკი (თელა, იფანი) პარალელური სახელია. გუთანს აქვს: გუთნის თავი, გუთნის უღელი, გუთნის ბუდე/უკანაკუდი, ზალტე, ყვავი, უნდა იყოს ერთ ხაზზე გაწევის მიზანში. საკვეთელი: ფხა, ღერო, ყუა. საკვეთელის დაყენება უნდა ზომაზე. ზომიერ ნიადაგში საკვეთელი სახნისს შეიძლება დასცილდეს 2-5 სანტიმეტრით. თუ გვალვა დიდია, შეიძლება საკვეთელი სახნისის პირისპირ დააყენონ. გუთნით გავლებულმა სამმა კვალმა უნდა გააკეთოს ორი მეტრი, თითო გავლებაზე სახნის-საკვეთელმა უნდა მოჭრას მიწა 50-60 სმ. ჯამბარა გუთნის თავისა, ღვედია (ამზადებენ ხევსურები). ჯამბარის ჩხირი, ჯამბარის ყური, ფამფალაკი - ღერძი (თელა), კვალის გოგორა, მორგვი (თელა), სოლი (იფანი), დედალ-მამალი, ფერსო (თელა), ჭინჭილაკი (იფანი). ველის გოგორა (ნაწილები იგივე აქვს, რაც კვალის გოგორას). ველის გოგორა კვალის გოგორასთან შედარებით მცირეა. ამას ღირღიტასაც ეძახიან.კარგად გამართული გუთნის კვალის სიღრმე უდრის ველისა და კვალის გოგორების დიამეტრის განსხვავებას. კირჩხა || ჩხა, მასზე დაკიდულია ცული, საჯერო და სხვა ხელსაწყო. შოლტყავი, შოლტყავის ბუდე. სოლები, თავჩხირი, უღლები: გუთნის თავის უღელი (მოკლეა); სატაბაკე საქედური, ტაბიკი (შვინდი) აპეური, კორა (ხარების ძალის გასათანასწორებელი), გუთნის ღვედი, გრძელი უღელი, წინაუღელი, საშუალო უღელი, სარეკლის უღელი, საჯდომი უღელი. წინა და გუთნის საძირის უღელში გამოცდილი ხარები უნდა იყოს. ზემოთქმულს უნდა დავძინოთ, რომ გუთნის სახნისისა და საკვეთელის დამზადებას სჭირდება ოცი კილოგრამი რკინა, ხოლო რვაუღლიანი გუთნეული ღვედის დასამზადებლად საჭიროა ოთხი ხარისა და ორი კამეჩის ტყავი, ასევე, ჯამბარას ერთი კამეჩის ტყავი სჭირდება. აპეურები, სამალდი და კიდევ სხვაა, ამ იარაღს გამწევ ძალასთან ერთად გუთნისდედის გარდა სჭირდება 5 მეხრე და 1 მჩეკელი. გუთნის მუშაობის პროცეშში გუთნისდედა მიმართულებაშ აძლევს შეძხილით, თუ კვალისაკენ უნდა წავიდეს გუთანი ზედა, თუ ველისაკენ გაიში.
იმისათვის, რომ გუთანმა ლარივით იმუშაოს, მისი ნაწილები ურთიერთთან შეწყობილ-გამართული უნდა იყოს. გუთნისდედამ ანგარიში უნდა გაუწიოს ნიადაგის პირობებს, ასევე, ხარის ძალას და სახვნელ იარაღს. გუთნის გაწყობა ხერხდება: მანჭიკებიდან, ხმალადან და ჯამბარიდან. ამ მიზნით, კარგი გუთნისდედა წკირებსაც კი იყენებს, რომლებიც მომარაგებული აქვს ქუდის ფარფლებში. მანჭვიდან გუთანი სოლით სწორდება კბილასთან, რომ მუშაობის დროს გუთნის ტანმა კანკალი არ დაიწყოს; ხმალადან - ასევე სოლებით, რომ კბილა და სახნისი ღრმად ან პირად მუშაობდნენ. ჯამბარას დამოკლება-დაგრძელებით გუთანი დააკვალებს ან დაავალებს. გუთნის მრუდე რვილი მიწას მოგვერდით წამოუწვება, რომ კარგად ამოიღოს. ფამფალაკი ხარებს ტვირთს უმსუბუქებს და მუშაობას უადვილებს.
გუთანი და მისი შემადგენელი ნაწილები აღწერილია ხალხურ პოეზიაში, სადაც გუთნის ნაწილები ცოცხალ არსებადაა წარმოდგენილი და მათ შორის დიალოგია გამართული:
- გუთანი ისე გავმართე, როგორც რომ მართებულია
- პირველ გავთალე ხის რვილი სახელდებული თელისა,
- მოვუჭერ სახლმე შუაზედ, შემოუღერე ყელიცა.
- ყელი კარგად მოუვიდა და შუა წელი სრულია,
- კაკლის დედანი შევაბი შლაშინ გადასმულია,
- ზედ გავუკეთე ხელკუდი, როგორც რომ ჩამოსხმულია
- იფნის ხმალი გავატარე, ფარებით გათანგულია,
- ღირღიტის მორვი გავთალე პიტალო კაკლის გულია,
- მუხისა სოლი ვახმარე, ხელეჩოთ დაწმენდილია,
- ჯაგ-რცხილის ფერსო მოვკიდე, როგორც დუღაბი კირია,
- ისე გავმართე გუთანი, როგორც რომ მართებულია.
- ზედ მოვუბი საყევრები, მწნელებით გადაბმულია,
- შიგ დავუმართე უღლები, ახალი დატუსულია;
- შიგ ჩავუყარე ტაბიკი, დათლილი შვინდის გულია,
- შევაბი აპეურები, ახალი დაგრეხილია;
- შევაბი ხარ-კამეჩი, რქა-კუდი შემკობილია,
- ხარები იყო მაღალი და კამეჩები სრულია.
- ზედ შეუდგნენ მეხრეები სიმღერას ამბობენ ტკბილსა;
- მააჰმო, ხარო შავთვალავ შვინდას უსწორდი მხართანა.
გუთანი IX საუკუნის პირველი ნახევრისათვის აღწერილი აქვს კლაპროთს, ხოლო XVIII საუკუნისათვის - გიულდენშტეტს. ამ უკანასკნელის ნაშრომში მოცემულია გუთნის ჩანახატი. გუთნის ჩანახატი XVII საუკუნის მოიპოვება კასტელის ალბომში. გუთნის გამოსახულება მოწმდენა საფლავის ქვებზე XI საუკუნიდან. XII საუკუნისათვის გუთნის არსებობას არაპირდაპირი გზით ვადასტურებთ იმ ცნობის მიხედვით, რომელიც თამარ მეფის ისტორიკოსს მოეპოვება ხვნის შესახებ. ხვნის პროცესში მწაფელები ლექსაობდნენ თამარის სახელზე.
ამ სახვნელი იარაღის წინამორბედი უნდა იყოს სახვნელი იარაღი, რომელიც ჯილღა-გოგორის სახელწოდებითაა ცნობილი და მესხეთ-ჯავახეთში გამოიყენება. ამ იარაღს, განსხვავებით გუთნისაგან, აქვს სახნისი სამკუთხედის ფორმის, ხოლო მისი თვლები ტოლფერდაა. ივ. ჯავახიშვილის შეხედულებით, გუთანი თავისი ცალმხრივი ფრთითა და ტოლფერდა გოგორებით ჩვენში შექმნილი იარაღია. ამას მხარს უჭერს ის გარემოება, რომ იგი უფრო მეტად გავრცელებულია საქართველოში, ორგანულად ჯდება საქართველოს სახვნელი აირაღების განვითარების სისტემაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ფამფალაკიანი სახვნელი იარაღის წარმოშობის საკითხი სპეციალურ ლიტერატურაში დღემდე საკამათოა. რიგი მეცნიერებისა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ასიმეტრიული გუთანი ფამფალაკით, რომაულ პერიოდშია წარმოშობილი, სახელდობრ, რეტიის გალიაში. ამ აზრს იზიარებენ ფ. პაინე, ბ. ბრატანიჩი, ი. ბაშალა, ივ. ჯავახიშვილი და სხვები, ხოლო ეწინააღმდეგებიან ლ. ნიდერე, კ. მოჟინსკი, ფრ. შხი, პ. ლეზერი და სხვები. ამ უკანასკნელთა მიხედვით, ასიმეტრიული გუთანი გაჩნდა შუა ევროპაში XVIII საუკუნიდან. ამ დროს ამ სახვნელ იარაღს ჯერ კიდევ ჰქონდა ოვალური ფრთა.
იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ბოლო დროს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია იმ დროინდელი რკინის ჯაჭვი-ჯამბარა, განკუთვნილი გუთნის რვილის დასაკვრელად ფამფალაკზე, უფრო მეტად ამ საგნის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ფამფალაკი წარმოშობილია რომის იმპერიაში. ასევე ვარაუდობენ იმავე ხანის ასიმეტრიული სახნისის აღმოჩენას. მაგრამ ამ ობიექტების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს სახნისები არ შეიძლება ჩავთვალოთ ასიმეტრიულად. ექსპერტებს მიაჩნიათ, რამდენადაც რომის იმპერიაში შეიქმნა პურზე გადიდებული მოთხოვნილება (ქალაქების ზრდა, მოსახლეობის გამრავლება), ამან განაპირობა მიწათმოქმედების ინტენსიფიკაცია.
რაც შეეხება საქართველოს (იბერია), I-V საუკუნეებისათვის ივარაუდება ერქვანის ანუ ჯიღა-გოგორის არსებობა, რომელსაც ამ დროისათვის ფამფალაკთან ერთად ჯერ კიდევ მხოლოდ თანატოლფარდოვანი თვლები და სიმეტრიული სახნისი ჰქონდა. ამ უკანასკნელს გვიდასტურებენ განათხარი რკინის სახნისები. წყაროების მიხედვით დასტურდება, რომ ერქვანი ხარმრავალბმული სახვნელი იარაღია.
ამ სახვნელი იარაღის შემდგომი განვითარების საფეხურია ის, რომ მას უჩნდება ასიმეტრიული თვლები, ასიმეტრიული სახნისი და ამასთან შესაბამისი ცალი ფრთა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ გაუმჯობესებამ ეს იარაღი ჩააყენა მიწათმოქმედების კიდევ უფრო მეტად ინტენსიფიკაციის სამსახურში. ამის საჭიროებას მოითხოვდა განვითარებული ფეოდალიზმის ხანის (XI-XII სს) საქართველოში მოსახლეობის ზრდა, ქალაქების გამრავლება, დიდი საბატონო ყანების არსებობა.
ამგვარი სახვნელი იარაღი საქართველოს გარდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და დაღესტანში, ადიღესა და ჩრდილო სპარსეთშია გავრცელებული. ევროპაში არასწორფარდოვან თვლებიანი სახვნელი იარაღი მხოლოდ XVII-XVIII საუკუნეებიდანაა ცნობილი, ისევე როგორც ოვალური ფრთა სახვნელ იარაღში XVII-XVIII ს.-დან დასტურდება. სახელწოდება გუთანი ასევე შესულია აზერბაიჯანულში - ქოთან, სომხურში - გუთან, თურქულში - ქოთან, დაღესტნურ ენებში - ქოთ და ადიღურში (სადაც ფამფალაკის სახელწოდებაშია შეფარებული) - გუთლამიშ. ენის სპეციალისტებს მაჩნიათ, რომ გუთანი არ არის არც ინდო-ევროპული, არც თურქულ-მონღოლური, არც სემიტური, არამედ კავკასიური წარმოშობისაა.
ივ. ჯავახიშვილი წერს, რომ "ტერმინი გუთანი და ყველა მისი ფონეტიკური სახენაცვალი საქართველოს ირგვლივ ტრიალებს და მისი გავრცელების რადიუსები შორს არ მიდის. თუ ამასთანავე გავიხსენებთ, რომ ზემოხსენებულ ენებიდან არც ერთს ამ ტერმინის არსებობის ესოდენ ძველი საბუთის წარმოდგენა არ შეუძლია როგორც ქართულს, მაშინ თავისთავად წარმოიშვება აზრი, რომ გუთანი პირველად საქართველოში, სახელდობრ საქართველოში უნდა იყოს გაჩენილი და აქედან გავრცელებული მეზობელ ერთა შორისაც. ამ საკითხის საბოლოოდ გადაჭრას მხოლოდ ის გარემოება აბრკოლებს, რომ ”გუთნის” ეტიმოლოგია გაურკვეველია".
სულ უკანასკნელად სტამბოლის უნივერსიტეტის პროფ. Capaoglu შეეცადა გუთანი აეხსნა შუა აზიის თურქულში დადასტურებულ სიტყვიდან ქოთ, სადაც ეს სიტყვა აღნიშნავს წრის შემოხაზვას. სემანტიკურად ამგვარი დაკავშირება ხელოვნურად გამოიცქირება და მიუღებელია.
კაპიტალისტური ხანის საქართველოში გუთანს გაუმჯობესების მიზნით გაუკეთდა რკინის ქუსლი და რკინისავე ფრთა, მაგრამ ეს იარაღი, ისევე როგორც სხვა ხალხურ-ემპირიულ ცოდნაზე დამყარებული სახვნელი აირაღები, თანდათან შეცვალა ფაბრიკულნა სახვნელებმა, რომელსაც ჯერ საქონელი ებმოდა, ხოლო შემდეგ ორთქლის ძალა ეზიდებოდა.
გიორგი ჩიტაია
ლიტერატურა
- ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიკური ისტორია,1, ტფ. 1930 წ.
- გ. ჩიტაია, მასალები საქართველოს სახვნელი იარაღების ისტორიისათვის, საქართველოს მუზეუმის მოამბე, V, ტფ. 1930 წ.
- მიმომხილველი, 1. თბ. 1949 წ.
- ლ. ბერიაშვილი, მიწათმოქმედება მესხეთში, თბ., 1973 წ.
- P. Leser, Entstehung u. Verbreitung des Pfluges, Münster i. W, 1931; Sach Proposal for the classification of Preindustrial Tilling Implements. Praha, 1966.
- Balassa, The appearance of the onesided Plough in the Carpathin Basin. Acta Eth nographia Academial Sciantiarum Ungaricae, Budapest, 1971.