ზეთსახდელი
ზეთსახდელი
სინონიმი: ბაზირხანა
ზეთსახდელი საშუალებები, რომლებიც საქართველოში XIX საუკუნეში და XX საუკუნის 30-იან წლებში გამოიყენებოდა, შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ:
- მარტივი საშუალებები;
- მარტივი მექანიკური იარაღები;
- ზეთსახდელი საწარმო.
მარტივი იარაღებია:
- ხელსანაყი
ხელსანაყი ცნობილია სხვადასხვა სახელით: გურჩი (თუშეთი), როდინი/ფილთაქვა (ქართლი, კახეთი, რაჭა), ფილი/ქვიჯა (გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი), ჩუმა (ქვემო სვანეთი).
ხელსანაყი გვხვდება ქვისა და ხის. იგი სხვადასხვანაირია: მაღალი, სწორი "ტანით", "შუაწელში" შევიწროვებული და დაბალი ჯამის ფორმისა.
- სასრესი
სასრესს წარმოადგენს: გობი/ახაყა (აჭარა), ვარცლი (კახეთი).
სასრესები არის ხისა და ქვის. ხის სასრესებია : გობი და ვარცლი. გობი მრგვალი, ხოლო ვარცლი გრძელი ჭურჭელია. ახაყა, მრგვალი ოდნავ ჩაღრმავებული ზედაპირიანი ქვის სასრესია.
საქართველოში მარტივი იარაღებით კანაფის ზეთის მიღება სხვადასხვაგვარად იცოდნენ: მოხალულ (ზოგჯერ მოუხალავსაც) თესლს დანაყავდნენ. ერთხელ ან ორჯერ გაცრიდნენ (ზეთის სწრაფად და იოლად გამოსახდელად კანაფის თესლის ნიორთან დანაყვაც იცოდნენ). დანაყილ მასას გობზე თბილი წყლით დაზელდნენ, ტოპრაკში ჩადებდნენ, თავს მოუკრავდნენ და ზეთს თანდათან გამოწურავდნენ. ამავე მიზნით დაქუცმაცებულ კანაფის თესლს ტომრითვე გაათბობდნენ და მომზადებული ნაფქვავიდან ზეთს გამოხდიდნენ[1].
ნიგვზის ზეთის მისაღებად ნიგოზს ხის სანაყში (კახეთი, ქართლი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა, ლეჩხუმი) დანაყავდნენ ან ვარცლში (ქიზიყი) და ახაყაზე (აჭარა) ფილთაქვით დასრესდნენ. დანაყილს ხელით გამოწურავდნენ. იცოდნენ აგრეთვე დანაყილ ნიგოზში ცხელი მჭადის გულის შერევა (აჭარა) ან მისი ნიორთან ერთად დანაყვა.
საქართველოში მარტივი იარაღების საშუალებით გამოხდილი ზეთი მხოლოდ საოჯახო მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა.
ზეთის სახდელი მარტივი მექანიკური იარაღები ორ ჯგუფად იყოფა:
- მარცვლის დასაქუცმაცებელი
- დაქუცმაცებული მარცვლიდან ზეთის გამოსახდელი.
მარცვლის დასაქუცმაცებელი იარაღია: ხელით საბრუნი ხელსაფქვავი შირა (სვანეთი)[2] და ფეხის საცეხველი, რომელიც ჩამურის/ოჩამურეს (გურია, სამეგრელო), საცეხველის (იმერეთი, ლეჩხუმი), საძიგველის (აჭრა), დინგის (სამცხე, საინგილო) სახელით არის ცნობილი. [3]
დაქუცმაცებული მარცვლიდან ზეთის გამოსახდელი იარაღ-ჭურჭელია: საწნეხი - ტაბო ანუ საწნეხი ხე (გურია, აჭარა)[4] და წნეხი - საქაჩველი (იმერეთი) / საქაჯავი (ქართლი).
ხელსაფქვავი მრგვალი და ბრტყელი ზედა და ქვედა ქვისგან შედგენილი საფქვავია. ქვედა ქვის ცენტრში ხის მარგილია გაჭედილი, ზედა ქვა ამ მარგილზეა ჩამოყვანილი, რომელიც მის ზედაპირზე დაგებულ ხის ტარის საშუალებით მარგილის ირგვლივ თავისუფლად ბრუნავს. ორივე ქვის შემხები - მოსაფქვავი პირი დასაფქვავად სათანადოდ არის გამოთლილი და დამუშვებული.
საცეხველი შედგება ქვის ან ხის ჯამის, ძელის ბოლოზე სწორკუთხედ ჩამაგრებული წირის თავის, ღერძის - ლილვისა და ბოძებისაგან; დამხმარე ნაწილია ლილვზე შემდგარი მცეხველისათვის ხელის მოსაკიდებელი ჯოხი - გაძირა. გაძირაზე ხელებჩაკიდებული მცეხველის მიერ ღერძზე და ძელზე ფეხების ურთიერთ შენაცვლებულ რიტმულ დარტყმას ღერძის აწევა-დაწევა და საცეხველში მოთავსებული წირისთავით ნაყვა მოჰყვება.
გეჯა წიფლის ან თქმელის მთლიანი ხისგან დამზადებული გულამოღებული მოგრძო ჭურჭელია; ამავე ტიპისაა საწნეხი ხე - ტაბო, რომელიც მთლიანი ხისგან არის გამოთლილი. ტაბოს ზედაპირი კიდის გასწვრივ ამოღარულია.
სელის ზეთის გამოსახდელად ქუმელით სავსე ტომარას გეჯაში ან ტაბოზე მოათავსებდნენ, ზევიდან ფიცარს დაადებდნენ, ფიცრის ერთ თავს ნაგებობის კედელში ჩაამაგრებდნენ და ძელის მეორე მხარეს სიმძიმეებს დააწყობდნენ. ზოგ შემთხვევაში ძელის ბოლოს თოკს გამოაბამდნენ, თოკის მეორე წვრს მიწაში ჩამაგრებულ ხის სოლზე - პასალზე (აჭარა) დაახვევდნენ. ზეთის გამოწურვის შემდეგ თოკს პასალზე უფრო მეტად გადაახვევდნენ, რითაც ძელის გეჯაზე ან ტაბოზე დაწოლის ძალა იზრდებოდა და ზეთიც ბოლომდე გამოიწურებოდა.
შედარებით რთული კონსტრუქციისაა წნეხი - საქაჯავი (ქართლი), საქაჩველი / დათვის საქაჩველი (იმერეთი). გეჯაზე გადებულ დირეზე მოგრძო ძელი - დათვია გადებული. დათვზე სიმძიმისათვის თოკით ასაკიდი ქვა არის ჩამობმული. ძელის კეტებით დატრიალების დროს თოკი ძელზე ეხვევა და ქვაც მაღლა იწევს, რასაც გეჯაზე დირეს დაწოლის ძალის გაზრდა და შიგთავსის წნეხვა მოჰყვება.
როგორც სანაყებს და სასრესებს, ასევე საცეხველს, ტაბოს, გეჯასა და წნეხს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ.
ზეთსახდელი ზეთის სპეციალური საწარმო იყო, აქ ერთ კომპლექსში იყო წარმოდგენილი ღუმელი, საზეთე წისქვილი და წნეხი.[5] აქვე იყო ზეთის ხდის პროცესთან დაკავშირებული დამხმარე ხელსაწყოები (საცრები, ქუმელისათვის ხახლები, სხვადასხვა საწყაოები, ხის თოხები, გამწევი ძალის უღლები, წყლის ჭირჭელი და სხვ.).
ზეთსახდელი ხალხურ ყოფასა და ისტორიულ წყაროებში სახდელის ან საზეთეს სახელით არის ცნობილი.
ზეთსახდელი ოთხკუთხა მოყვანილობის ბაზალტის ქვით ნაშენი მიწული ნაგებობაა. ზეთსახდელის ღუმელიც ბაზალტის ქვითაა ნაგები, იგი ზეთსახდელის კედელთან არის მიშენებული, მასში გამოიყოფა ქვის ფილებით მოფენილი მარცვლის მასახალავი და საწვავის მოსათავსებელი ნაწილი; ღუმელის საკვამური ზეთსახდელის კედელშია დატანებული. ზეთსახდელის ღუმელი საქართველოს მთიანეთში გავრცელებული პურის საცხობი ღუმელის ანალოგიურია.
წისქვილი ზეთსახდელის ნაგებობის ცენტრშია გამართული, იგი შედგება ორი ნაწილისაგან - კალოსა და მომუშავე გელაზისაგან. წრიულ, ბრტყელ ქვას გარშემო ხის ან ოთხკუთხი ქვის ფილებისაგან შედგენილი ლავგარდანი აქვს შემოვლებული, რომელიც ცენტრისაკენ არის დაქანებული. კალოს ცენტრში ჩასმულია ხის ბოძი, ბოძში ჩამაგრებულია რკინის სოლი. სოლზე ჰორიზონტალურად გრძელი ღერძია ჩამოყვანილი. ღერძის თავი ბოძის გვერდით მდგარ ურმის თვალივით ცერად შეყენებულ გელაზის ქვის გულშია გატარებული. ღერძს ჯაჭვით ხის უღლი გამოებმება, უღელში შებმული გამწევი ძალა (ხარი ან კამეჩი) გელაზს სალეწ კალოზე აგორებს, რის შედეგადაც სელის მარცვალი ქუცმაცდება, ხოლო ცხელი წყლის დასხმის შემდეგ ისრისება - იზილება.
გელაზი ბაზალტის ქვისგან გამოთლილი, დოლაბის ფორმის ქვა არის, ოღონდ განსხვავებული დიამეტრისა, რის გამოც პირი ირიბადაა აჭრილი და კალოს ლავგარდანის დაქანებას ემთხვევა.
გელაზი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თავის ზომით, მისი დიამეტრი უმეტეს შემთხვევაში ორ მეტრზე მეტია, გელაზის ზედაპირი ხშირად სადაა, ზოგჯერ კვეთილია და წარწერებით შემკულიც გვხვდება.
წნეხი სელის ქუმელისგან ზეთის გამოსაწნეხი მოწყობილობაა. იგი ზეთსახდელის კედლის გასწვრივაა გამართული. წნეხში გამოიყოფა საწნეხი ძელების, ხრახნის, დოლაბისა და დათვის კომპლექტით შედგენილი ნაწილი და მეორე - დასაწნეხი ქუმელის მოსათავსებელი ჭურჭელი. 19-20 მეტრის სიგრძის ოთხი, ორ-ორად შეკრული ფიჭვის ხის ძელი ერთი ბოლოთი ზეთსახდელის კედლის ნიშაშია ჩამაგრებული. მეორე მხარეს, ძელებს შორის ხის ხრახნია ამოტარებული. ხრახნი ბოლოთი ქვაზე დაგებულ ღარიან ლითონზე ბრუნავს. ის ადგილი, ადაც ხრახნია გამართული, იატაკის დონეზე დაბალია. იატაკიდან 40 სმ დაცილებით ხრახნზე დოლაბია ჩამოკიდებული. ხრახნზევე, ძელებს ზევიდან, ხის მოგრძო კუნძი - დათვია ჩამოხრახნილი. ნიშიდან 40-50 სმ დაშორებით, ძელების პირდაპირ, იატაკში საწნეხი ქუმელის მოსათავსებლად ხის ყუთია ჩადგმული.
ეს წნეხი ანალოგიურია რაჭ-ლეჩხუმსა და იმერეთ-გურია-სამეგრელოში არსებული ყურძნის წნეხისა, ხოლო ამგვარი ზეთის საწარმო - ზეთსახდელი ცნობილის სომხეთში, იტალიაში, უნგრეთში, საბერძნეთში, მცირე აზიაში, პალესტინაში, ალჟირსა და ტუნისში.
ზეთსახდელში ერთ ჯერზე გამოიხდებოდა ერთი შეგდება, ანუ 16 კოდი სელის თესლი. ღუმელზე მას 3-4 ნაწილად ხალავდნენ. დახალულ და გაცხრილულ მარცვალს გელაზით წისქვილის კალოზე აქუცმაცებდნენ. ამ დროს წისქვილთან ორი მეხრე მუშაობდა - ერთი კამეჩს მორეკავდა, ხოლო მეორე - კალოში ჩამდგარ ქვას მიჰყვებოდა და მარცვალს ურევდა. დაქუცმაცებულ სელს ცრიდნენ, ანაცერს სალეწ კალოზე დასაფქვავად დაყრილ სელს დაამატებდნენ; ამის შემდეგ იწყებდნენ კალოს ლეწვას.
სამი კალოდან მიღებულ, კოდებით აწყულ ქუმელს ცხელ წყალს ასხამდნენ (ერთიდან ორ ოყამდე). წყლის ოდენობა სელის ჯიშის მიხედვით განისაზღვრებოდა. მსუყე და ნოყიერი ბრტყელი სელი მეტ წყალს იტანს, ვიდრე შავი "მჭლე" სელი. წყლის დოზირების დარღვევა იწვევდა ზეთის გამოსავლიანობის შემცირებას. სათანადოდ დამუშვებული სელის ცომის მასა მუჭის მოჭერის შემდეგ უნდა შეკრულიყო. წისქვილში სელის ცომის დასაზელად, ღერძის თავსა და ბოლოში კამეჩებს აბამდნენ, წისქვილთან სელის დამუშავების ამ ეტაპზე სამი მეხრე და ოსტატი მუშობდა: ორი გელაზში შებმულ კამეჩებს მიერეკებოდა, მესამე ნიჩბით ცომს აბრუნებდა, მასვე ეხმარებოდა კალოს გარშემო მოსიარულე ოსტატიც. როდესაც გელაზის კედლიდან ჩამოცვივდებოდა და ქვაც გაპრიალდებოდა, ქუმელის დაზელვა დამთავრებულად ითვლებოდა.
დაზელილ სელის მასას თხის ბალნით ნაქსოვ ოთხკუთხ ქსოვილებზე ან თხილის ტოტისგან მოწნულ მრგვალ ხახლებზე დაანაწილებდნენ და შემდეგ წნეხის ყუთში ჩაალაგებდნენ.
საწნეხი ძელების მოძრაობას, რაც ხრახნის დოლაბში შებმული გამწევი ძალისა და მეხრის დახმარებით ხორციელდებოდა, წნეხის დაწოლის ძალის გადიდება ან შემცირება მოჰყვებოდა.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში სელის ზეთსახდელი წარმოადგენდა ზეთის სპეციალურ საწარმოს, რომელიც ინტენსიურად იყო გავრცელებული ჯავახეთსა და თრიალეთში, იგი უფრო ნაკლები სიხშირით შემორჩა სამცხეს, ხოლო აქა-იქ - შიდა და ქვედა ქართლს.
XIX საუკუნის მეორე ნახევრისათვის ზეთსახდელები კერძო საწარმოებია; მათი მეპატრონეები ამავე დროს ოსტატებიც არიან და თავანთ საწარმოში იყენებენ დაქირავებულ შრომას. შრომა განაწილებულია ოსტატსა და მუშებს შორის და ხელით წარმოებაზეა დამყაეწბული. ამრიგად, XIX საუკუნის მეორე ნახევრისათვის ზეთსახდელი მანუფაქტურული ტიპის საწარმოს წარმოადგენს. ზეთსახდელი ამავე დროს ნათესავთა ფართო წრის მფლობელობაშია, მის ყველა წევრს შეუძლია იქ მუშობა სათანადო ანაზღაურებით. გარდა ამისა, ამ წრის ცალკე ოჯახებზე ნაწილდება ზეთსახდელის სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადიდან (ქირიდან) გარკვეული ნაწილი.[6]
ზეთსახდელის შემოსავალი სეზონის განმავლობაში სხვადასხვა იყო, ზეთი მზადდებოდა როგორც შეკვეთით, ისე გასაყიდათაც. XVI-XVIII საუკუნეებში ზეთსახდელების მფლობელებად გვევლინება სამეფო კარი, ფეოდალები და ეკლესია-მონასტრები.[7] XI- XVIII საუკუნეების სიგელ-გუჯრებიდან ჩანს, რომ საზეთეები ჰქონია შიო მღვიმის, ათონის ივერთა მონასტერს, ქვენიფნევის ეკლესიას.[8] ზეთსახდელები ეკლესია-მონასტრებთან ბოლო დრომდე არსებობდა, რასაც მოწმობს მათ ტერიტორიაზე შემორჩენილი გელაზის ქვის ნაშთები. სამცხე-ჯავახეთში (ახალქალაქი, ფიის ნასოფლარი) და ქვემო ქართლში (დმანისი) არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილი იქნა X-XII საუკუნეების ზეთსახდელი.[9] მათი არსებობა საქართველოში უფრო ადრეც ივარაუდება. ამაზე მიუთითებს პალესტინაში აღმოჩენილი წმ. თეოდორეს მონასტერთან არსებული ზეთსახდელის ნაშთები. ეს მონასტერი დაარსებული ყოფილა 430-იან წლებში პეტრე ივერიელის მიერ. იგი სრულად განსხვავდებოდა იუდას უდაბნოს სხვა მონასტრებისაგან როგორც გეგმით, ისე სამეურნეო საქმიანობით. ამდენად წმინდა თედორეს ქართულ მონასტერში, ცხადია, ქართული ტრადიციული სამეურნეო დარგების არსებობაა სავარაუდო.
ვ. კორბოს შრომაში მოცემული წმ. თედორეს მონასტერთან არსებული ზეთსახდელის საზეთე წისქვილის, წნეხის გეგმა-ჭრილისა და მასთან დაკავშირებული აღწერილობით ტექსტიდან ჩანს, რომ ქართული მონასტრის საზეთე წისქვილი და წნეხი ქართულ სამყაროში ცნობილი და შესაბამისი ხელსაწყოების ანალოგიურია და მაშასადამე ამგვარი ზეთსახდელის არსებობა საქართველოში V საუკუნეზე გაცილებით ადრეა სავარაუდო. [10]
დასტურდება, რომ XIXს.-ის ზეთსახდელები საქართველოში ტრადიციულად შემუშავებულ ტექნოლოგიურ პროცესზე დაფიძნებული საწარმოებია და მათი არსებობა აქ საზეთე სელის კულტურის გავრცელებას ზონას ემთხვევა.
XIX საუკუნის II ნახევრისათვის, ზეთსახდელების გავრცელების სიხშირის მიხედვით გამოიყოფა სამი ზონა:
- ჯავახეთი, თრიალეთი (ახალქალაქი, წალკის, ბოგდანოვკის რაიონები) - ხშირი გავრცელების არე;
- სამცხე, ქვემო ქართლი (ახალციხის, ადიგენისა და დმანისის რაიონები), ნაკლები სიხშირით ხასიათდება;
- შიდა ქართლი (თბილისი, გორი) გვხვდება ერთეულის სახით.
წყარო ლეილა მოლოდინი. ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან : (ხალხ. ზეთსახდელი იარაღები). რედ: გ. ჩიტაია, საქ. სსრ მეცნ. აკად., ს. ჯანაშიას სახ. საქ. სახელმწ. მუზეუმი. თბ. : საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1963
ლიტერატურა
- ↑ ჯ. რუხაძე, ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში, თბ. 1976, გვ. 69
- ↑ В. Я. Тепцов. Сванетия. географический очерк, Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа, Вып. X , 1890, გვ. 31; ს. ბედუკიძე, საფქველების განვითარების ისტორიისათვის. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. ტ. XIX, 1956
- ↑ ჯ. რუხაძე, დასახ. ნაშრ., გვ. 128-129; ა. რობაქიძე, მეფუტკრეობის ისტორიისათვის, თბ., 1960, გვ. 8; ა. რობაქიძე, თოფის წამლის დამზადება პირაქეთ ხევსურეთში, ანალები, 1, 1947, გვ. 233
- ↑ ლ. მოლოდინი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან (ხალხური ზეთსახდელი იარაღები), თბ. 1963, გვ. 33
- ↑ ლ. მოლოდინი, დასახ. ნაშრ., გვ. 36-49
- ↑ ლ. მოლოდინი, დასახ. ნაშრ., გვ. 43-47
- ↑ Д. Пурцеладзе, Грузинские церковные Гуджары (Грамоты), Тр. 1881, გვ. 69-80, საისტორიო მოამბე, 1924, წიგნი 1, გვ., 180
- ↑ თ. ჟორდანია, ისტორიული საბუთები შიო მღვიმეს მონასტრისა, თბ., 1896, გვ. 17. ათონის ივერიის მონასტრის 1074 წლის ხელნაწერი აღაპები, საიუბ. გამოც., საეკლ. მუზ., თბ., 1901, გვ. 264
- ↑ გ. ლომთათიძე, ჯავახეთ-ახალქალაქის არქეოლოგიური ექსპედიციის პირველი (1960წ.) კამპანიის შედეგები; გ. გაფრინდაშვილი, კლდის სახლები ნასოფლარ ფიაში, თბ., 1959, გვ. 19-51
- ↑ V. Korbo, Gli scavi di Kh. Sivar-el-ghanam (Compo dei Pastori) ei monasteriedei dintprni. Publicazicni dello Studium Biblicum Franciscnum, № 11, Gerusalemme, 1955, B 117-119; გ. წერეთელი, უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან, თბ. 1960, გვ. 45-46