გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

თაღარი

თაღარი

თაღარი


სინონიმები: ისარნა, სატკბილე

  1. თიხის ჭურჭელი. საწნახელიდან ტკბილი მასში ჩაედინება. არის დიდი და პატარა, ყურიანი და უყურო. აქვს შურთი (პირი), მუცელი და ძირი. სხვადასხვა დანიშნულებითაც იყენებდნენ;
  2. სამკოდიანი საწყაო;
  3. ასეთი ორყურიანი ჭურჭელი სხვადასხვა საჭიროებისვისაც გამოიყენება (სათრიმლავის დასაყენებლად, ხორცის დასამარილებლად და სხვა).


თაღარი მთელ საქართველოში გავრცელებული კერამიკული ჭურჭელია,რომელსაც საწნახლიდან გადმოსული ტკბილის დასაყენებლად იყენებდნენ. დასავლეთ საქართველოში ის "ისარნის" სახელწოდებითაა ცნობილი. თაღარი იდგება საწნახლის წინ - ღართან ახლოს. ზოგან თაღარის მაგივრობას სწევდა ქვევრი (თბილისის სანახებში მას "დედა ქვევრს" უწოდებენ) ანდა ქვითკირით ნაშენი აუზი, რომელიც არაგვის ხეობაში "მენას" სახელითაა ცნობილი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან როგორც ტკბილის დასაყენებელი კერამიკული ჭურჭელი, ისე ქვითკირის აუზიც თაღარის სახელს ატარებს.

დასავლეთ საქართველოში ტკბილის დასაყენებლად, გარდა კერამიკული ჭურჭლისა, გამოიყენებოდა ხის ჭურჭელი - გობი.

სულხან-საბა ორბელიანი თაღარს "ტაგარს" უწოდებს, ტაგარი ტკბილის სადგომიაო და "მენაზე" მიუთითებს, "მენა" კი სამყოფი, სადგომია, მენასა კახნი ტაგარს უწოდებენ და იგიცა ტკბილის სადგომიაო.[1] ნ. ჩუბინაშვილის ქართული ლექსიკონის მიხედვით, "ტაგარი ახლად დაწურულ ტკბილის ჩასადინებელი აუზია საწნახელის ქვეშ".[2]

თაღარი სხვადასხვა ზომისა ყოფილა. ზოგ დიდ მარანში "20-30 კოკიანი" თაღარი მდგარა. გადმოცემით, თაღარი 10-15 საპალნიანიც ყოფილა, ხალხურ ლექსში თაღარი ასეა დახასიათებული:

საწნახელი მომიმზადე
პირი მოულესე რძითა,
თაღარი კარგი დამიდგი
იყო ორმოცი კოკისა.
ისე გაგივსებ ქვევრებსა
ცვარი აღარ გედგას სხვისა. [3]

ყურძნის წურვის დროს საწნახელიდან გამოსული წმინდა წვენი თაღარში ან "დედა ქვევრში" გროვდებოდა. თაღარში ტკბილს გარკვეულ დრომდე ინახავდნენ, საიდანაც შემდეგ ქვევრში გადაჰქონდათ. თაღარში ტკბილის დაგროვება-გაჩერებას "ტკბილის დასვენება" ეწოდებოდა. უეჭველია, რომ ეს ხერხი ხალხის ემპირიულ ცოდნა-გამოცდილებაზეა დაფუძნებული და ღვინის ტექნოლოგიის მაღალ დონეზე მიუთითებს.

მეცნიერულმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ ტკბილის განიავება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ღვინის ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობაზე. "კლერტიანად თუ უკლერტოდ ყურძნის დაჭყლეტის დროს წვენის აერაცია ხდება, რაც გამრავლებისა და მოქმედების ოპტიმალურ პირობებში აყენებს საფუარის უჯრედებს ტკბილის დუღილის დროს, რაც უფრო მცირე მჟავიანია ყურძნის წვენი, მით უფრო ადვილად მოქმედებს მის ფერზე ჰაერის ჟანგბადი. თეთრი ყურძნის მარცვლიდან გამონადენი წვენი თითქმის უფერულია, მაგრამ დარჩება თუ არა ჰაერზე ცოტა ხანს, ფერი მას უფრო და უფრო უყვითლდება.მჟავები ამ შემთხვევაში ადვილად დასაჟანგ ნივთიერებათა, მაგალითად, ტანიდების დამცველ როლს ასრულებს".[4]

აერაცია, როგორც ჩანს, დადებითად უნდა მოქმედებდეს ყურძნის წვენის არომატზეც: ჰაერზე რამდენიმე ხნით დატოვებულ ტკბილს (დუღილის ნიშნები სანამ შეემჩნეოდეს) სპეციფიკური არომატი უფრო ძლიერად აქვს გამოხატული.

თაღარში "დასვენების" შედეგად ტკბილის ხარისხი უმჯობესდებოდა და "ღვინო ყვითელი, სასიამოვნო ფერის დგებოდა". არაგვის ხეობის სოფლებში (ბოდორნა, ყვავილი, მეზვრიანთკარი და სხვ.) ვენახებს მდ. არაგვის პირზე აშენებდნენ; აქვე ვენახებში ღია ცის ქვეშ, საწნახლების ძირში ქვით და კირით თაღარის მსგავს ქვევრისოდენა სათავსს - "მენას" აშენებდნენ. მასში ტკბილს რამდენიმე დღის განმავლობაში (3-4 დღე) აყენებდნენ, რის შემდეგაც ნაწური ტკბილი და ჭაჭა ცალ-ცალკე მიჰქონდათ საჭირო ადგილზე.

საქართველოში გავრცელებულმა თაღარმა, რომელსაც ადრე ტკბილის დასაყენებლად ხმარობდნენ, დღეისათვის დაკარგა თავისი მნიშვნელობა, თანამედროვე ყოფაში ის ძირითადად ვაზის წამლის დასაყენებლად იხმარება.

როგორც ეთნოგრაფიული მასალებიდან ჩანს, საქართველოში გავრცელებული იყო 3 ტიპის კერამიკული თაღარი: ქუსლიანი (კახეთი), უქუსლო (კახეთი, ქართლი, იმერეთი), ქვევრის მოყვანილობისა (კახეთი).

ქვევრის მოყვანილობის თაღარი პირგანიერია, ძირისაკენ ვიწროვდება და დაბალი ტენით ხასიათდება, ქუსლიანი თაღარი კი შუაზე გაჭრილი ქვევრის მოყვანილობისაა, მას ვიწრო და ქუსლიანი ძირი აქვს, ზემოთ კი გაფართოებულია. ქუსლიანი თაღარი საწნახელის წინ მიწაში იყო ჩასმული, ხოლო ბრტყელძირა - მიწის ზემოთ იდგმებდა. [5]

არქეოლოგიურ განათხარ მასალაში კერამიკული თაღარი თითქმის არ მოჩანს. თბილისში, ერეკლეს მოედანზე წარმოებული გათხრების დროს შუაფეოდალური ხანის მასალებში ყურადღებას იქცევს ერთი დიდი ფართოპირიანი და ყურებიანი ჭურჭელი, რომელიც დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით, თაღარს უნდა წარმოადგენდეს. იგი XI-XII სს. თარიღდება.[6] გვიანბრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ მასალებში გვხვდება ყურიანი, ფართო პირიანი დაბალი ჭურჭელი, რომელიც ძალზე წააგავს ეთნოგრაფიულ ყოფაში შემორჩენილ დაბალ ქვევრისებურ თაღარს, ოღონდ მოცულობით პატარაა. ვფიქრობთ, ეს ჭურჭელი ყურძნის ტკბილის გადასატანი უნდა იყოს.

რაც შეეხება ქვითკირით ნაგებ თაღარს ანუ "მენას", არქეოლოგიური განათხარი მასალის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის შუაფეოდალურ ხანაში გაჩნდა, როდესაც საწნახლების კირხსნარის დუღაბით აშენება შემოვიდა პრაქტიკაში.

კირხსნარით ნაშენი აუზი დადასტურებულია ქვემო ქართლის ტერიტორიაზე (ბოლნისის რ.-ნი), მდ. ლოქის ხეობაში, ნასოფლარის გათხრის დროს აღმოჩენილ მარანში, რომელიც XVIII საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება.[7]

არქეოლოგიური მონაცემებით ირკვევა, რომ ქვითკირით ნაშენ თაღარებს ქრონოლოგიურად წინ უსწრებს ქვაში ნაკვეთი ტკბილის დასაყენებელი აუზი.

ქვაში ნაკვეთი აუზი, ჩვეულებრივ, თან ახლავს კლდეში ნაკვეთ საწნახელს და, როგორც მკვლევარეი ვარაუდობენ, მასთან ერთად არის წარმოქმნილი. ამას მოწმობს უფლისციხეში აღმოჩენილ კლდეში ნაკვეთი საწნახელი და მონოლითში ამოკვეთილი საწნახელი ზენითიდან. უფლისციხის შიდა ქალაქში პირველი საწნახელი კლდეში ნაკვეთი ორი განყოფილებისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია არხით. პირველი განყოფილება, რომელიც გეგმაში სწორკუთხედს იძლევა, წარმოადგენს საკუთრივ საწნახელს, სადაც ყურძნის დაწურვა წარმოებდა, ხოლო მეორე განყოფილება, რომელიც გეგმაში კვადრატს წარმოადგენს, აუზია, სადაც ყურძნის წვენი გროვდებოდა; მისი ფართობია 1,2 მ.[8], მოცულობა კი 1-2 კუბმეტრს ანუ 1200 ლ. უდრის. ასეთივე ტიპის აუზი ჰქონდა ზენითის მონოლითში ამოკვეთილ საწნახელსაც; ქვაში ნაკვეთი აუცები საქართველოში ძვ.წ. IV-III საუკუნეებში ყოფილა გავრცელებული.[9] [8].

კერამიკული თაღარი წინ უსწრებს ქვაში და კლდეში ნაკვეთ ყურძნის წვენის დასაყენებელ აუზს. ის აღმოჩენილია დიღმის ხეობის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გვიანბრინჯაოს ხანით დათარიღებულ მარნის კომპლექსში.

აღნიშნული ფაქტი საფუძველს უმაგრებს მკვლევართა მიერ ადრე გამოთქმულ ვარაუდს, რომ ტაღარის სამ ტიპს შორის (კერამიკული, ქვაში ნაკვეთი და ქვითკირით ნაგები) ყველაზე ძველის კერამიკული თაღარი.

ჯუანშერ სონღულაშვილი


ლიტერატურა


  1. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, 1928
  2. ნ. ჩუბინაშვილი, ქართული ლექსიკონი, 1961
  3. ვ. კოტეტიშვილი, ხალხური პოეზია, 1934, გვ. 142
  4. კ. მოდებაძე, მეღვინეობა, 1924, გვ. 267
  5. ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა 1, კახური 1949, გვ. 122; ჯ. სონღულაშვილი, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიისათვის, 1974, გვ., 140-141
  6. ა. ბოხოჩაძე, მევენახეობა ძველ საქართველოში არქეოლოგიური მასალების მიხედვით, 1963, გვ. 114, 112, 110
  7. ა. ბოხოჩაძე, დასახ. ნაშრ., გვ. 112
  8. დ. ხახუტაიშვილი, ახალი მასალები ელინისტური ხანის ქართლის ქალაქების მეურნეობის ისტორიისათვის, 1963, გვ. 116
  9. იქვე
მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=თაღარი&oldid=7237“-დან