გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

აპოხტი

23:17, 15 ივნისი 2019-ის ვერსია, Cqwito (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: ხმელი ხორცი. სულხან-საბას განმარტებით: "შაშხი პოხილი//მსუქა...)

ხმელი ხორცი. სულხან-საბას განმარტებით: "შაშხი პოხილი//მსუქანი ხორცია, ლორი მეტად პოხილი, ყაღი კი მჭლე". ფშავ-ხევსურულ და მთიულეთ-გუდამაყრული მასალით, „საპოხი“ ყველანაირი ცხიმის - ქონის აღმნიშვნელია. აჭარულ-ლაზურში „აპოხტი“ ქათმის შაშხია, სვანურში - „აპეხტ“ ღორის შაშხს ნიშნავს, საქონლის შაშხს კი „კენჭ“ ეწოდება. აპოხტის ნაირსახეობაა თუშური ყაღი. იგი მზადდება ცხვრის, ძროხის, თხის, ნადირის ხორცისგან. სააპოხტე ფერცხლებს, მკერდს, დაჭრიდნენ დიდ ან პატარა გრძელ ნაჭრებად. 3-4 დღე მარილწყალში ამყოფებდნენ და შემდეგ გაკიდებდნენ მზეზე, სანიაოზე. მას შემდეგ, რაც ხორცი გამოშრებოდა, გახმებოდა - „გაყაღდებოდა“, შეინახავდნენ. მეორე ხერხით მარილს მოაყრიდნენ და მშრალად ჩადებდნენ ქვაბში, ხის ჭურჭელში ან გუდაში, 3-4 დღის შემდეგ კი გაკიდებდნენ გასაშრობად. „ვეფხისტყაოსანში“ შაშხის იდენტურ სიტყვად „ხმელობაა“ ნახმარი, რაც იუსტინე აბულაძის განმარტებით არის „დამარილებული ანუ დაშაშხული ხორცი შესანახად გამომხმარი“. ტარიელი ამბობს: „მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა“. ზამთრის საკვების დამზადების მსგავსი წესები ცნობილია კავკასიის სხვა ხალხებშიც.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. ელდარ ნადირაძე ; რედ. როინ მეტრეველი ; ავტ.-შემდგ.: გვანცა არჩვაძე, მარინა ბოკუჩავა, თამარ გელაძე და სხვ. თბ., მერიდიანი, 2011 წ.


მოძიებულია „http://caucasology.com/wiki/index.php?title=აპოხტი&oldid=636“-დან