კუბდარი
კუბდარი
დაკეპილი ხორცის გულიანი პური (სვანეთი).
მასალა:
- ღორის ხორცი 150 გრ.
- საქონლის ხორცი 150 გრ.
- ხახვი 80 გრ.
- ხმელი ქინძი 1/2 ჩ.კ.
- უცხო სუნელი 1/2 ჩ.კ.
- ძირა 1/3 ჩ.კ.
- ფქვილი 300 გრ.
- საფუარი 6-7 გრ.
- კარაქი 40 გრ.
- რძე 120 მლლ.
- შაქარი]] 1/2 ჩ.კ.
- მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი
მოზილეთ საფუარიანი ცომი. ორიგინალურ რეცეპტში გამოიყენება საფუარიანი ცომი ცხიმის და რძის გარეშე, ანუ მოზელილი წყალზე და საფუარზე. ხოლო რძე და კარაქი ხდის უფრო ნაზს. ხაჭაპურის ცომისგან განსხვავებით, ცომი კუბდარისთვის უნდა იყოს მეტად გადაზელილი. შიგთავსისთვის დაკეპეთ საქონლის და ღორის ხორცი. დასაკეპად გამოიყენეთ მძიმე და კარგად გალესილი დანა. დაკეპილ ხორცს დაუმატეთ სუნელები, წვრილად დაკეპილი ხახვი, წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით. ნამდვილ ანუ სვანურ რეცეპტში, გამოიყენება სანელებელი გიცრული. გიცრულის უქონლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული რეცეპტი. დაკეპილი ხორცი მოათავსეთ გაბრტყელებულ ცომში და შეახვიეთ ის. კუბდარი გააბრტყელეთ და მოათავსეთ ღუმელში 180-200 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. გამომცხვარ კუბდარს წაუსვით კარაქი ან ერბო.