გადასვლა: ნავიგაცია, ძებნა

დასტური

დასტური


ჯვარ-ხატთა კულტის მსახური აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, "ჯვართ ენაზე" მუჯირი ეწოდებოდა (სულხან-საბას განმარტებით, მუჯირი "ხვარბლის მნეს" ნიშნავს). ევალებოდა ჯვრის (ხატის) სამეურნ. საქმეების გაძღოლა – მამულების დამუშავება-დათესვა, მოსავლის აღება-დაბინავება, სადღეობო ლუდის მოდუღება, დღეობის უზრუნველყოფა სარიტუალო ქადა-პურებით, ხევისბერისათვის (დეკანოზი, ხუცესი) დახმარება სამსხვერპლო საკლავის დაკვლაში და სხვ. დასტურად დგებოდნენ უნჯ ხატებში ერთი ან ორი (იშვიათად სამი) წლით საყმოს წევრი მამაკაცები. ზოგიერთ მთავარ სალოცავში მათ ქადაგი ასახელებდა, ზოგან კი რიგის მიხედვით დგებოდნენ. დასტური იცავდა სიწმინდეს – ერიდებოდა აკრძალული საკვების (ღორი, ქათამი), ჭამას, ახლად მოლოგინებული ქალების სამყოფსა და საქონლის სადგომში შესვლას, ცოლქმრულ ურთიერთობას და სხვ. ხატის მსახურთა იერარქიაში, ხევისბერის შემდეგ, იგი ძირითადი ფიგურა იყო, რომელიც უნჯ სალოცავს (იხ. უნჯი ყმა) ქონებრივ საფუძველს უქმნიდა და უნარჩუნებდა.