ეთნოლოგია
ეთნოლოგია
(ბერძ. ἔθνος, ეთნოსი — ხალხი + λόγος — სწავლება, მეცნიერება) — ანთროპოლოგიის განშტოება, აანალიზებს და ადარებს კაცობრიობის ეთნიკური, რასობრივი და/ან ეროვნული თავისებურების წარმოშობას, გავრცელებას, ტექნოლოგიებს, ისევე როგორც, მათ რელიგიებს, ენებს და სოციალურ სტრუქტურას.
ეთნოლოგია იკვლევს ეთნიკური კულტურათა საერთო და განსხვავებულ ფორმებს, მათი განვითარების კანონზომიერებებს, იმას, თუ რა წვლილი შემოუტანია კაცობრიობას კულტურის საგანძურში ამა თუ იმ ხალხს. ეთნოლოგია იმასაც სწავლობს, თუ რა განაპირობებს და ასაზრდოებს სხვადასხვა ხალხში დამკვიდრებულ ზნე-ჩვეულებებს, ტრადიციებს, ყოფაქცევის ნორმებს.
ტერიტორიული მოცულობის მიხედვით ეთნოლოგია არის ზოგადი და რეგიონალური. ეთნოლოგიის მთავარი წყაროა უშუალოდ ცოცხალ სინამდვილეში მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალა, რომლის ფიქსირების დროს ეთნოლოგია ემყარება საველე კვლევა-ძიების მეცნიერულ მეთოდს (იხ. ეთნოგრაფია) ინფორმატორთა გამოკითხვით ან შესწავლილ ობიექტზე უშუალო დაკვირვებით. საველე მასალასთან ერთად იგი ფართოდ იყენებს მომიჯნე დისციპლინების ( ენათმეცნიერება, ისტორია, არქეოლოგია, გეოგრაფია, ფოლკლორი, ხელოვნებათმცოდნეობა, ანთროპოლოგია და სხვ.) მონაცემებს.
ეთნოლოგია, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, XIX საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა, ეთნოგრაფიული ცოდნის საწყისები კი შორეული წარსულიდან მომდინარეობს. იგი უკავშირდება ძველი ეგვიპტის, შუმერის, ბაბილონის, ასურეთის, ლევანტის, ხეთების, ეგეოსური ცივილიზაციის, ურარტუს, ძველი სპარსეთის, ჩინეთის, ინდოეთის და სხვ. წერილობით წყაროებს და მატერიალური კულტურის ძეგლებს.
ადამიანებს ძველთაგანვე აინტერესებდათ მახლობელი თუ შორეული ხალხების ყოფის თავისებურებანი, მათი ზნე-ჩვეულებები და რწმენა-წარმოდგენები. ადამიანის განსახლება დედამიწაზე ერთბაშად არ მომხდარა. ჰესიოდეს ეპოქის (ძვ. წ. VIII-VII სს.) ეთნიკური სამყარო ვიწრო გეოგრაფიულ არესა და ხალხთა მცირე რაოდენობას მოიცავდა.
სტრაბონის "გეოგრაფიაში" მოხსენიებულია 800-ზე მეტი ხალხი, განსახლებული ევროპოდან ინდოეთამდე და ჩრდილოეთ აფრიკიდან ბალტიის ზღვამდე. დღეს კი დაუსახლებელი ადგილები დედამიწაზე თითქმის აღარ დარჩა. თუ ნეოლითის ხანაში დედამიწის მოსახლეობა 1 მლნ. კაცს შეადგენდა, დღეს იგი 7 მლრდ-მდე გაიზარდა, ხოლო ეთნოსთა რიცხვი 4000-მდე ივარაუდება. უძველესი ხანის წერილობით ძეგლებში წარმოდგენილია არა მარტო აღწერილობითი ეთნოგრაფიული მასალა, არამედ თეორიული საკითხების გადაჭრის ცდებიც. მაგ., ბიბლიაში ხალხთა ერთ-ერთი უძველესი გენეალოგიური ცხრილია წარმოდგენილი; ჰეროდოტე დაინტერესებული იყო ხალხთა წარმოშობის საკითხებით, მათ შორის კოლხების ეთნოგენეზით. მნიშვნელოვანი ეთნოგრაფიული დაკვირვებებია ძვ. ქვეყნის ხალხებზე, მათ შორის ქართველ-კავკასიელებზე ჰიპოკრატეს და ქსენოფონტეს, სტრაბონის, ტაციტუსის და სხვათა შრომებში.
შუა საუკუნეებში ხალხთა დიდმა გადასახლებებმა და ახალი ქვეყნების გაცნობამ გამოიწვია ეთნოლოგიური ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოება მანამდე უცნობი ხალხების ყოფა-ცხოვრებაზე. ამის ანარეკლი ჩანს ბიზანტიელი, აგრეთვე ირანელი, არაბი, შუააზიელი და ჩინელი მოგზაურების, მისიონერებისა და გეოგრაფების შრომებში.
XV-XVII საუკუნეებში დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა უცნობ ხალხთა შესახებ სრულიად ახალი მასალა შესძინა ეთნოლოგიას. ახალაღმოჩენილ ქვეყნებში ევროპულ სავაჭრო კაპიტალს, უპირველეს ყოვლისა, მათი ბუნებრივი სიმდიდრე აინტერესებდა. კოლონიზატორები ამერიკელ ინდიელებს "ღვთის ნასახ" ადამიანებად არ თვლიდნენ, რადგანაც მათი არსებობა ეწინააღმდეგებოდა შუასაუკუნეობრივ წარმოდგენებს ყველა ხალხის ნოეს შვილებისაგან წარმომავლობის შესახებ. ინდიელთა ყოფა-ცხოვრებაზე იწერებოდა ფანტასტიკური შრომები, რომლებიც ცნობილია "კურიოზების ლიტერატურის" სახელწოდებით. მიუხედავად ამისა, იმდროინდელ ეთნოგრაფიულ აღწერათა შორის შეინიშნება მეცნიერებისათვის ღირებული რელაციები.
მკვლევარები სხვადასხვაგვარად აფასებდნენ განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფი ხალხების მდგომარეობას. ჰობსის აზრით, პირველყოფილი ხალხების საზოგადოებრივი ურთიერთობა დამყარებული იყო შუღლსა და მტრობაზე, მუდმივ ქიშპსა და ომებზე, პრინციპზე — "ადამიანი ადამიანისათვის მგელია".
ჟან-ჟაკ რუსო, პირიქით, მათ ყოფა-ცხოვრებას აიდეალებდა და კაცობრიობის ბედნიერი ბავშვობის ხანად მიიჩნევდა. ამის საპირისპიროდ, ფრანგი მისიონერი ჟოზე ლაფიტო (1670-1740), რომელიც დიდხანს ცხოვრობდა ამერიკელ ინდიელებს შორის და რომელმაც დიდძალი ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა, ასაბუთებდა, რომ ახალაღმოჩენილი ხალხების საზოგადოებრივი განვითარების საფეხური ევროპელების მიერ ადრე განვლილი ეტაპია და რომ ეს საფეხური განვლეს როგორც ძვ. ბერძნებმა, ისე რომაელებმა. ლაფიტო პირველი ევროპელი იყო, რომელმაც გამოიყენა შედარებითი მეთოდი ეთნოგრაფიაში. იმავე ხანებში საქართველოში ამ მეთოდს წარმატებით იყენებდა ვახუშტი ბატონიშვილი.
XIX საუკუნის I ნახევარში გაიზარდა ინტერესი ევროპის ხალხთა ეთნოლოგიისადმი. შეიქმნა გათხრითი არქეოლოგია, რის შედეგადაც დადასტურდა ლაფიტოს თვალსაზრისი ევროპაში განვითარების უძველესი საფეხურის არსებობის შესახებ.
გაიშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები და ასურულ-ბაბილონური ლურსმული დამწერლობის ძეგლები. იმ დროს შეიქმნა ეთნოლოგიაში მითოლოგიური მიმართულება. დაგროვდა სამუზეუმო ეთნოგრაფიული კოლექციები, შეიქმნა ეთნოგრაფიის საზოგადოებები პარიზში, ლონდონში, ნიუ-იოკრსა და პეტერბურგში, რასაც მოჰყვა ეთნოგრაფიული მუზეუმების დაარსება. მომწიფდა ეთნოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბების საკითხი. ეთნოლოგიის ცალკე სამეცნიერო დისციპლინად ჩამოყალიბებას დაემთხვა ევოლუციური სკოლის ფორმირება, რომელიც კულტურის ევოლუციის პროგრესულ იდეაზე იყო დაფუძნებული. ამ სკოლის წარმომადგენლები კაცობრიობის კულტურას განიხილავდნენ როგორც პროგრესული განვითარების ერთიან, კანონზომიერ პროცესს. მაგრამ მათ ეს კაცობრიობის "ფსიქიკური ერთიანობიდან" გამოჰყავდათ, კულტურის ევოლუციური განვითარება მიაჩნდათ სწორხაზოვან პროცესად ყოველგვარი ნახტომების გარეშე და ამდენად იდეალისტურ პოზიციებზე იდგნენ.